თითქმის 12 წელია სტრესი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ხვდა წილად, ძალაშია და ახალი შემოტევებით აშინებს მას., შემოტევებით, რომელთა რაოდენობა, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სწრაფი ტემპით გაიზრდება.
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება თითქოს არაფრით განსხვავდება სხვა ქვეყნების პოლიტიკური ცხოვრებისგან, მაგრამ ზედაპირული დაკვირვებიდან სიღრმსეულში გადასვლისთანავე ჩანს ურთულესი პრობლემები, რომლებმაც თავი იჩინეს არა მარტო „ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის ჟამს, არამედ ნაციონალური ხელისუფლების და მანამდე არსებული ხელისუფლებების უნიათო მმართველობისას.
საბჭოთა საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვება საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად შეძლო — რეალური მაქვს მხედველობაში და არა ფიქტიური, რასაც გამსახურდიას მმართველობის დროს ჰქონდა ადგილი, როდესაც საქართველოს ეკონომიკა, საფინანსო სისტემა, სავაჭრო ურთიერთობები მილიონი უხილავი თუ ხილული ძაფით იყო დაკავშირებული ერთიან საბჭოთა სისტემასთან.
მჭიდრო კავშირების გაწყვეტას და ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას ვერ უზრუნველყოფდა დამოუკიდებლობის აქტი, საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე მიღებული უზენაესი საბჭოს მიერ.
დამოუკიდებლობის აქტი იყო ნაბიჯი თავისუფლებისა და სუვერენიტეტისკენ, ოღონდ არა სისხლიანი, ცენტრთან დაპირისპირებული, არამედ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით საქართველოს მოსახლეობის აწმყოსა და მომავლის განსასაზღვრად.
მშვიდობიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობა თვით ცენტრმა, კრემლმა გააჩინა — გარდაქმნის, სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიის ძახილით და კოლექტიური დასავლეთის მიერ შეთავაზებული პოლიტიკური პროექტების გაზიარებით.
საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტი გორბაჩოვი და მისი თანამოაზრეები —იაკოვლევის, შევარდნაძის და სხვათა სახით, გამიზნულად ანგრევდნენ პოლიტიკურ სისტემას, მანამდე არსებულს, აწმყოსა და მომავლის სრული გაუთვითცნობიერებლობით.
მათ არ იცოდნენ, რას გამოიწვევდა კომუნისტური გიგანტის დაშლა, მაგრამ იცოდნენ, რომ მათი მოქმედებით კმაყოფილი დარჩებოდა კოლექტიური დასავლეთი, რომელიც სიკვდილამდე დააფასებდა მათ შრომას, პატივსა და დიდებას არ მოაკლებდა მათ.
რომ არა კრემლის მიერ გადადგმული ნაბიჯი, ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა საქართველოში მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება, მით უმეტეს დისიდენტთა გამარჯვება, დამოუკიდებლობის აქტის მიღება და ა.შ.
საქართველომ, უსისხლოდ, ყოველგვარი ბრძოლის გარეშე მიიღო კრემლის მიერ ნაბოძები დამოუკიდებლობა, რაც ჯეროვნად ვერ შეაფასა, ვერ გამოიტანა შესაბამისი დასკვნები, ჩათვალა, რომ ეს, ასეც უნდა ყოფილიყო, რითაც გაიუარესა არა მარტო ყოველდღიური არსებობა, სამომავლოსაც წყალი შეუყენა.
ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში კომუნისტური სისტემიდან კაპიტალისტურზე გადასვლის პროცესი შედარებით უმტკივნეულოდ წარიმართა. ცხადია, იყო ყოფილ რესპუბლიკებში ატეხილი შიდა ომები, რესპუბლიკების ერთმანეთთან სისხლიანი დატაკებაც, მაგრამ ის, რაც საქართველოში მოხდა უნიკალურად გამოიყურებოდა.
ყოფილ ავტონომიებთან ქიშპმა, მეზობელ რუსეთთან ომში ჩართვამ, ტერიტორიების დაკარგვამ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამ, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებამ, მძიმე დარტყმა მიაყენა ქვეყანას და მის ხალხს.
არანაკლები ნეგატიური შედეგი გამოიწვია საქართველოს პოლიტელიტის დასავლური კურსის აღებამ, კოლექტიური დასავლეთის საქართველოში დაბანაკებამ და საქართველოს მოსახლეობისთვის სწრაფი, ინტენსიური ტვინის რეცხვამ.
პროცესი, აშშ-ა დამოუკიდებლობის მიღებისთანავე წამოიწყო, მაგრამ მთელი სიგრძე-სიგანით მის მიერ შერჩეული სააკაშვილის მმართველობის დროს გაშალა. „ვარდების რევოლუცია“ უდავოდ არ იყო მთავრობათა ცვლა. ეს იყო მენტალური რევოლუცია, რევოლუცია საქართველოში მცხოვრები ადამიანების ტვინების შესაცვლელად.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა სააკაშვილმა პირნათლად შეასრულეს აშშ-ს დავალება, გარდაქმნეს რა ხალხი პროდასავლურ, ანტირუსულ მასად, ნაკლებად მოაზროვნედ, იოლი ცხოვრებისკენ მიმართულად, გაუნათლებელ ნახირად.
გაუფასურდა პროფესია, პროფესიონალი, ნულზე დავიდა მეცნიერება, წიგნის კითხვა პატრიოტიზმთან ერთად დაცინვის ობიექტად იქცა. გაიზარდა უმუშევრობა, გაჩნდა სერიოზული დემოგრაფიული პრობლემები და ამ ფონზე ხელისუფლების აღვირახსნილობამ, ყოველგვარ საზღვრებს გადააჭარბა.
ზენიტში აყვანილმა სახელმწიფო კორუფციამ წალეკა ყველა და ყველაფერი. სააკაშვილის ქმედება დაემსგავსა პირველყოფილი თემური წყობილების ბელადის განუსაზღვრელ ქმედებას. ჩვეულებად იქცა სააკაშვილის საწოლს გავლილი მეტიჩარა გოგონების გამინისტრება, გაპარლამენტარება, რითაც გამოუსწორებელი ზიანი მიადგა სახელმწიფოს მაღალ თანამდებობებს, მაგალითად მინისტრობას.
სააკაშვილისთვის ყველაფერი იყო შესაძლებელი, მაგალითად ღამის ღრეობის შემდეგ დახურული მეტროს გახსნა და მეტროთი გასეირნება; ძველ ქალაქში, მეტეხის ხიდის გვერდით ახალი ხიდის გადება ქვეითად მოსიარულეთათვის; ამერიკლთა გულის საამებლად რუსეთის საზღვართან პროვოკაციების მოწყობა; ბიზნესმენთათვის ქონების ჩამორთმევა და საკუთარ ახლობლებზე გადაფორმება; ურჩი ბიზნესმენების ციხეში გამომწყვდევა.
ეს და სხვა საშინელებები, რაც სააკაშვილის ბატონობის დროს ხდებოდა კარგად იცოდა კოლექტიურმა დასავლეთმა და მისმა ლიდერმა აშშ-ა. თავდაჯერებულმა და აშშ-ს მიერ გატუტუცებულმა სააკაშვილმა თავს უფლება მისცა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედება წამოეწყო, რასაც არა მარტო დიდი მსხვერპლი მოჰყვა, არამედ ტერიტორიების დაკარგვაც.
სააკაშვილის აღვირახსნილობას არა მარტო კოლექტიური დასავლეთი ხედავდა, არამედ საქართველოს მოსახლეობაც, თუმცა არც ერთს პროტესტი არ გამოუხატავს — ყოვლის მომცველი, მასშტაბური, ბილწი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. პირიქით, ცხინვალის ომის დასასრულს, სააკაშვილის ბატონობით კმაყოფილმა ერის „საუკეთესო“ წარმომადგენლებმა, პარლამენტის შენობის წინ მოწყობილ სცენაზე უმღერეს, უცეკვეს, ხოტბა შეასხეს „ომში გამარჯვებულ“ მთავარსარდალს.
მახსენდება რა ქარაფშუტობის ეს სცენები, ვფიქრობ და ჩემს თავს ვუსვამ კითხვას — რა იყო ეს, შიში ხელისუფლების მხრიდან მომდინარე თუ ამერიკელთა მიერ გამოთაყვანებული ხალხის სპონტანური მოქმედება. ალბათ ერთიც და მეორეც.
ერთობ სახიფათო ფონზე აქა-იქ გაისმა საპროტესტო ხმა, რამაც 2011 წელს იმძლავრა და ანტისახელისუფლებო მოძრაობად ჩამოყალიბდა, რომელსაც სათავეში ივანიშვილი ჩაუდგა — ჩვენი გაგებით, სინამდვილეში ჩაუყენეს. და ვინ? — იკითხავთ, — ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-ა, რომელმაც დაინახა, რომ სააკაშვილი ამერიკული დავალებების შესრულებისას შეცდომებს უშვებს, რაც ვაშინგტონისთვის მიუღებელი იყო და გადაწყვიტა მისი შეცვლა.
შემცვლელად ივანიშვილი შეარჩია — ქართული საზოგადოებისთვის უცნობი პიროვნება, თუმცა სააკაშვილისთვის ნაცნობი — მილიარდერი, ნაცების მთავარი დამფინანსებელი.
სააკაშვილ-ივანიშვილის ტანდემი 2011 წლამდე მუშაობდა, მაგრამ, როგორც ამბობენ ერთ-ერთ „საოჯახო“ კინკლავის დროს ჩამოწოლილმა განხეთქილებამ, ცხადია ფულურმა, გაჰყო მათი გზები, რამაც გამოიწვია ახალი „რევოლუციური“ ფიგურის შექმნა — ივანიშვილის სახით, ყოველ შემთხვევაში ასე თვლიდა ხალხი — სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმით დამფრთხალი, შეშინებული.
ივანიშვილი იყო მისთვის ხსნა, იმედი სადღეისო და სახვალისო მშვიდი, უზრუნველყოფილი არსებობისა.
თითქმის 12-წლიანი მმართველობის შედეგად ხალხის მიერ ლამის სათაყვანებელი, ღმერთთან გატოლებული ივანიშვილისგან გაცემული უამრავი დაპირებებისგან, არაფრის, თითქმის არაფრის მიღება იმედგაცრუების მთავარი წყარო გახდა, რასაც მოჰყვა ტრადიციად ქცეული ლანძღვა-გინება ხელისუფლებისა — ივანიშვილის მიერ დასმულისა.
თვით ღმერთთან გატოლებული, გაყუჩდა და ისე მიიმალა ქვეყნის ტერიტორიაზე გაშენებულ არაერთ საკუთარ სასახლეში, როგორც თხუნელა. არვინ იცის რით არის ის დაკავებული, რასა იქმს ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ, ქვეყნისა, რომელსაც ის სამშობლოს უწოდებს.
ხალხს ახსოვს მისი 12 წლის წინანდელი განცხადება, გაკეთებული სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის დროს — დავინახე, რომ სამშობლოს ვკარგავდი და ამიტომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლაო.
ის, რომ უამრავი დაპირებიდან ხალხი არაფერს მიიღებდა, ხალხისთვის ცნობილი გახდა ივანიშვილისა და მისი „ოცნების“ მმართველობის დაწყებიდან 2-3 წლის შემდეგ, თუმცა თვლიდა, რომ მცირედს მაინც ეღირსებოდა, მრავლიდან, მაგრამ ამაოდ.
დღეს, ივანიშვილის შესახებ ყურმოკრული თუ ნამდვილი ამბავი იშვიათად ისმის. მაგალითად, აფრიკიდან ბაობაბის ტრანსპორტირების დროს ან ლეიბორისტთა ლიდერის ნათელაშვილის განცხადებიდან, აი ასეთიდან — პრეზიდენტ ზურაბიშვილის უცხოეთში გამგზავრების თანმხლები აჟიოტაჟი „ოცნებელთა“ მხრიდან სხვა არაფერია, თუ არა დადგმული სპექტაკლი. ზურაბიშვილი საზღვარგარეთ ივანიშვილის დავალებით გაემგზავრა იმისთვის, რომ ევროპელ ლიდერებს შეაგნებინოს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება წაწყმენდაა, რომ ივანიშვილი ისეთივე ევროპელია, როგორც ნამდვილი ევროპელი, ევროპის კონტინენტზე დაბადებულები და არა ჭორვილაში..
ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, ისეთივე, როგორც ზურაბიშვილი — სულით, ხორცით, შეგნებით, საფრანგეთის უმაღლესი ორდენის კავალერი.
მაინც საიდან იცის ნათელაშვილმა აუარება საინტერესო, სენსაციური ამბავი ივანიშვილზე — საკითხავი ეს არის და არა ის, რამდენად შეეფერება ეს ამბავი სინამდვილეს.
ივანიშვილის და ივანიშვილების, ანუ „ოცნება“-შვილების „დამსახურება“ ერის და ქვეყნის წინაშე „მრავალია“, მაგრამ მათში საკადრო პოლიტიკა გამორჩეულია.
საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტის თანამდებობა ისეთი იმპერატორული აღარ არის, როგორიც სააკაშვილის დროს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, ვინაიდან პრეზიდენტი სახეა ქვეყნისა, რაც ავალდებულებს ნებისმიერს, პრეზიდენტად შერჩეულს და საპრეზიდენტო სავარძელში ვითომ არჩევნების გზით ჩაშვებულს, იყოს ერის და ქვეყნის სიმბოლო, ავტორიტეტული პიროვნება, რომლის სიტყვას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებებს, უფრო სწორად არ განსაზღვრულს.
2-ჯერ შეარჩია ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატურა, არჩევნები მოაგებინა და ორჯერვე ფიასკო განიცადა. პირველი, მარგველაშვილი გახლდათ, იმდენად უღიმღამო და ვითომ მოფილოსოფოსო არსება, ალბათ აღარც გახსოვთ. ერთადერთი რაც მან გააკეთა, ის იყო, რომ განუდგა პარტიას, რომელმაც ის აღაზევა. განუდგა მის შემქმნელს, ივანიშვილს და განუდგა არა საქვეყნო საქმიდან გამომდინარე, არამედ გაურკვეველი პირადულიდან.
მეორე, სალომე ზურაბიშვილი — ფრანგი მენტალურად, იქ დაბადებული, გაზრდილი, განათლებამიღებული, იქაურ დიპლომატიურ სამსახურში გამოწრთობილი, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი იქაურთა დავალების შემსრულებელია, ქართულ პოლიტიკაში ჩანერგილი — ადამიანი, რომელიც უფრო აგენტის სახელს იმსახურებს, ვიდრე პრეზიდენტის.
ივანიშვილის ხელდასმით ფრანგი ზურაბიშვილი ჯერ პარლამენტის წევრი გახდა, შემდეგ პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ მან პირწმინდად წააგო პირველი ტური მოწინააღმდეგესთან. ივანიშვილმა დაიჩემა და მთელი მისი პარტია თავით გადაეშვა საარჩევნო მორევში — ზურაბიშვილის გადასარჩენად.
გადაარჩინეს და გადარჩენილმა, პრეზიდენტის სავარძელში ჩაშვებულმა, გადამრჩენებს შეუტია — მთელი ძალით და შემართებით.
მარტივად რომ ვთქვათ, ზურაბიშვილის მოქმედება უმადურობაა, მაგრამ რას მოიმოქმედებს ის, როდესაც დავალება აქვს მიღებული დასავლეთიდან და ეს დავალება მოითხოვს ქვეყნის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, უკრაინასთან ერთად მეორე ანტირუსული ფრონტის გახსნას?!
ასეთ დროს სიტყვა „უმადურობა“, მითუმეტეს საქმე, ამ სიტყვის შესაფერისი, მას აღარ ახსოვს. და რომც ახსოვდეს, მისთვის ივანიშვილზე და „ოცნებაზე“ წინ დავალებაა — კოლექტიური დასავლეთის დავალება.
ზურაბიშვილმა იცის, რომ კოლექტიურ დასავლეთს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, პარტია „ოცნება“ გულზე არ ეხატება და ყველაფერს ღონობს მათ დასამხობად, რისთვისაც არაერთ პროვოკაციას მიმართა უკვე.
წინ საპარლამენტო არჩევნებია — ფათერაკიანი გზა, რომლის გავლა „ოცნებას“ გაუჭირდება, კრიჭაში ჩამდგარი კოლექტიური დასავლეთის და მის მიერ გამოზრდილი ნაცმოძრაობის გამო.
„ოცნებური“ მმართველობის 12-წლიანი ზეობის თავზე საქართველოს მოსახლეობას ისევ პრობლემები ექმნება ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივის თვალსაზრისით. არადა, ივანიშვილს, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, რომ გადაედგა პატრიოტული ნაბიჯი და ნაცმოძრაობა, როგორც დამნაშავე პარტია კანონგარეშედ გამოეცხადებინა, საქართველოს მოსახლეობა გადაურჩებოდა იმ 12-წლიან ნერვიულ სტრესს, რასაც ნაცთა დაბრუნება ჰქვია.
12 წლის განმავლობაში ივანიშვილის „ოცნებას“ არაფერი გაუკეთებია მოსახლეობის სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. 12 წლის განმავლობაში ხალხი გამუდმებით ისმენს „ოცნებისა“ და „ნაცების“ ურთიერთ გინებას, ლანძღვას. 12 წლის განმავლობაში „ოცნება“ თავის მოქმედებით აგრძნობინებს ხალხს — თუ არ აგვირჩევთ, თქვენი მწამებელი „ნაცები“ მოვლენ ხელისუფლებაში.
12-წლიანმა სტრესულმა ცხოვრებამ, მისცა საშუალება „ოცნებას“, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ეკეთებინა ის, რაც სურდა. და სურდა არა ქვეყნის აშენება, არამედ საკუთარი ჯიბის დამშვენება.
საქართველოს დამოუკიდებლად ცხოვრების ჟამს ერთადერთი რაც გაიფურჩქნა — კერპთაყვანისმცემლობაა. პირველი, მესამე და მეოთხე (ივანიშვილი მყავს მხედველობაში) — ქვეყნის მმართველობისგან ხალხმა კერპები გამოძერწა.
პირველის დაბრუნებას დღესაც ელიან ზვიადისტები.
მესამეზე — ციხეში გამომწყვდეულზე ხომ საარაკო ზღაპრებს თხზავენ „ნაცები“.
მეოთხესაც ჰყავს არცთუ ნაკლები გულშემატკივარი, განსაკუთრებით ბიზნესში დასაქმებული, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოს, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ასეთი ლიდერი არ ჰყოლია.
ისმენ ყოველივე აღნიშნულს და ფიქრობ — მაინც რა ინექცია გაუკეთა აშშ-ა საქართველოს მოსახლეობას, რომ ასე გადაეგვარებინა? იქნებ, სულაც არ ვყოფილვართ ისეთი, როგორიც სახელმძღვანელოებშია ჩაბეჭდილი? იქნებ, აშშ-ი არაფერ შუაშია? იქნებ, თითოეული ჩვენგანი ვართ შუაში, თავში და ბოლოშიც — არსებული გაუკუღმართებისა?!
ჰამლეტ ჭიპაშვილი