საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებს, რაც კვლევებითაც დასტურდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, ხელისუფლების და ხალხის გამიჯვნა სწორედ იმ ტიპის დეზინფორმაციაა, რაზეც კონფერენციის მონაწილეები ასე ფარისევლურად საუბრობენ.
„როგორც ვიცი, კონფერენციაზე რუსულ დეზინფორმაციაზეც იყო საუბარი. მაგალითად, რუსეთი რას ამბობს უკრაინასთან დაკავშირებით, რომ სხვა არის უკრაინელი ხალხი და სხვაა უკრაინის ხელისუფლება. სწორედ ამას იმეორებს მდიდარი „ენჯეოების“ გზავნილები საქართველოსთან დაკავშირებით, როცა ისინი ამბობენ, რომ თურმე ცალკეა ხელისუფლება და ცალკეა ხალხი. საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებს, რაც დღევანდელი კვლევებითაც დასტურდება. დასტურდება არა მხოლოდ ბოლო არჩევნებით, არამედ დღევანდელი კვლევებითაც დასტურდება, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს არჩეულ ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“.
შესაბამისად, ეს გამიჯვნა არის სწორედ იმ ტიპის დეზინფორმაცია, რაზეც თვითონ ასე ფარისევლურად საუბრობენ. ესენი არიან ყველაზე მდიდარი „ენჯეოები“. ეს არ არის სამოქალაქო საზოგადოება, მათ არ აქვთ უფლება, ისაუბრონ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით. ესენი არიან ყველაზე მდიდარი „ენჯეოები“. ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი მათსა და სხვა „ენჯეოებს“ შორის არის ის, რომ ისინი არიან ყველაზე მდიდარი „ენჯეოები“, რომლებიც გახსოვთ, თავის დროზე პირდაპირ შევიდნენ პოლიტიკაში. ისინი აყალბებდნენ პარალელურ ხმის დათვლას არჩევნების შემდეგ. მათ დადეს ყალბი დასკვნა არჩევნების შემდეგ იმასთან დაკავშირებით, თითქოს არა PVP (ხმების პარალელური დათვლა), არამედ პირიქით, არჩევნების შედეგები აცდა PVP-ს, რაც იყო სრული სიყალბე. მათ ყალბი დასკვნა გამოაქვეყნეს ე.წ. 8-პროცენტიან ზედმეტობებთან დაკავშირებით, ყალბი დასკვნა გამოაქვეყნეს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ცესკო-მ დაგვიანებით გამოაქვეყნა შედეგები და ა.შ. ისინი მონაწილეობდნენ იმ სიყალბეში, რომელზეც რადიკალურმა ოპოზიციამ თავის დროზე ააგო თავისი რევოლუციური კამპანია და მოგვიანებით ეს მდიდარი „ენჯეოები“, თავადვე დადგნენ სცენაზე და ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას. შესაბამისად, ისინი საერთოდ არ მიჯნავენ საკუთარ თავს რადიკალური ოპოზიციისგან, კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“, რაც საზოგადოებისთვის ცხადია. ეს არის არსებითად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ორგანიზებით და მათი მეგობრების მონაწილეობით ჩატარებული კონფერენცია. რა თქმა უნდა, იქ შეიძლება, დამოუკიდებელი ექსპერტიც იყოს მიწვეული, ვინც არ იცოდა რეალურად ამ კონფერენციის შინაარსი, თუმცა არსებითად ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, თავისი უცხოელი მეზობლებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.