კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე სასამართლომ ულტრამემარჯვენე დაჯგუფება Proud Boy-ს ყოფილ ხელმძღვანელს, ენრიკე ტარიოს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ენრიკე ტარიოს ბრალი ედებოდა ამბოხისკენ მოწოდების შესახებ შეთქმულებაში მონაწილეობა და ძალაუფლების გადაცემის შეფერხების მიზნით წარუმატებელი შეთქმულების ხელმძღვანელობა.
აღსანიშნავია, რომ კაპიტოლიუმზე შტურმის დღეს ენრიკე ტარიო ვაშინგტონში არ იმყოფებოდა, თუმცა პროკურორების განცხადებით, ის თავდასხმას ბალტიმორიდან ხელმძღვანელობდა.
2021 წლის 6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ.
დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების გაკონტროლებას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც, კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა. აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი 1 100-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს.