ვის უანონსებს მიხეილ სააკაშვილი განულებას? ექსპრეზიდენტის მორიგი წერილი კლინიკა „ვივა მედიდან“ ენმ-ში დიდი დაბნეულობის და ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს შეიძლება კავშირში იყოს „მთავარი არხის“ გენდირექტორ გიორგი გაბუნიას განცხადებასთან, რომ მის ტელეკომპანია აღარაა „ნაცების ტელევიზია“. „რეზონანსთან“ საუბრისას ისინი ენმ-ში მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარზე საუბრობენ. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, ნიკა მელია შესაძლოა პარტიიდან წასვლასა და „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან ერთად ახალი პარტიის შექმნას გეგმავდეს. თუმცა, არის სხვა ვერსიებიც.
მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში უთანხმოება დიდი ხანია დაწყებულია, ასეთი პირდაპირი მიხელ სააკაშვილი პარტიის წევრების მიმართ ჯერ არ ყოფილა. ის ორად გახლეჩილი პარტიის ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობს. წამსვლელებს კი უანონსებს, რომ გიგა ბოკერიას გზას დაადგებიან, რომელიც სააკაშვილის მტკიცებით, განულებული და პოლიტიკურად დასრულებულია.
სააკაშვილის წერილი
„რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსები ვრაუდობენ, რომ სააკაშვილმა მელიასა და გვარამიას შესაძლოა თანამშრომლობაზე დაიწყო ეჭვიანობა. სავარაუდოდ, ის მოვლენების განვითარების მისთვის ყველაზე ცუდ სცენარს განიხილავს. ამიტომ „ვივა-მედიდან” სააკაშვილი მოქმედებაზე გადადის და საკუთარი ხელით დაწერილი წერილით თანაგუნდელებს მოუწოდებს, რომ პარტია საბოლოოდ დაშლას უნდა გადაარჩინონ.
„მინდა მივმართო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ჩვენს გმირულ აქტივს! ჩემო ძვირფასებო, ძალიან მომენატრა თქვენთან პირადი კონტაქტი, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ მე ზღვა გადმოლახული მაქვს, თქვენს შორის ვიმყოფები და თქვენთან ერთად ვიბრძვი საქართველოს გადასარჩენად. ამისთვის გავუძელი ყველაფერს აქამდე. ამ გზაზე ჩვენ ყველა პატრიოტთან უნდა გავაერთიანოთ სათითაოდ ჩვენი ძალები, მაგრამ იმისთვის, რომ სხვებთან გვქონდეს მისასვლელი პირი, თვითონ პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე, ამავე დროს მივესალმები დებატებსაც და მუდმივ შიდა განახლებასაც.
ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ბოკერიას გზასთან. ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია. სამიზნე უნდა გავასწოროთ ყველამ, ჩვენი მთავარი და ამ ეტაპზე ერთადერთი სამიზნე რუსული რეჟიმია!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ამ განცხადებას წინ უძღოდა „მთავარი არხის“ გენდირექტორის, გიორგი გაბუნიას მოულოდნელი მონოლოგი იმის შესახებ, რომ ისინი აღარ არიან „ნაცების ტელევიზია“: „გასაგები იყო, რომ „ნაცების“ ტელევიზიის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა აკრული და ახლა რაც შემიძლია ძალიან დიდი სიამაყით და ბედნიერებით ვთქვა… „ნაცების“ ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად“.
ამასთან, გაბუნიამ მწვავედ გააკრიტიკა ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც და მასთან დაპირისპირებული ნიკა მელიაც.
პირველი გამოხმაურება ენმ-დან
გულისხმობს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას? ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეს ბაჩო დოლიძეს არ აქვს ინფორმაცია, ვისზეა საუბარი სააკაშვილის სტატუსში. თუმცა, როგორც დოლიძე ამბობს, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნიკა მელიას გუნდს გულისხმობს, მაშინ მას არ მოსწონს კომუნიკაციის ეს ფორმა, რომელიც სააკაშვილმა აირჩია.
„პირდაპირ ვიტყვი, ძალიან არ მომწონს. იქ ვკითხულობთ სახელებს და გვარებს – „ბოკერიას გზა“ – ნამდვილად არ მომწონს მსგავსი ტიპის ეპითეტები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმ გზას გამდგრები ბევრია შემობრუნებული ამა თუ იმ ფორმით და იმ გზაზე მყოფები, როგორც დამფინანსებლები, ძალიან აქტიურად ჩართული ადამიანები გვევლინებიან ენმ-ის მენეჯმენტში.
„ის, რომ თითოეული ადამიანის წასვლა პარტიიდან არის პრობლემა და შესაძლოა იყოს პრობლემა, ეს ერთია, მაგრამ მეორეა, როგორ გამოხატავ ამ ყველაფერს. თუ ჩვენ გვგულისხმობდა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ გამოხატვის ფორმები ცოტა სხვა ყოფილიყო. ელემენტარული კომუნიკაციის საშუალება არის, თუნდაც წერილობით და აზრების გაცვლა-გამოცვლა სავსებით შესაძლებელია ამ ფორმით,“ – ამბობს ბაჩო დოლიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის თქმით კი, მიხეილ სააკაშვილის წერილში პირდაპირ წერია, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.
„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო და თუ კიდევ ვინმეს კითხვის ნიშნები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის პოზიციასთან დაკავშირებით, მგონი ყველაფერი ცხადია. დღეს ენმ-ის კარი ყველასთვის ღიაა და ყველა ადამიანებმა უნდა გადალახოს შინაგანი წინააღმდეგობები და ერთიანობისთვის უნდა გადმოდგას შემხვედრი ნაბიჯები და ჩვენ ერთად უნდა ჩავებათ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
„მგონი, ცხადი გზავნილია ყველასთვის და ბევრმა უნდა გაითვალისწინოს ეს სამომავლო გადაწყვეტილებებისას. დავაფასოთ ის, რომ ენმ უნდა გვიყვარდეს და არა შენი თავი ენმ-ში. ამიტომ კარი ღიაა,“ – ამბობს ბეჟაშვილი.
ვის გულისხმობს სააკაშვილი
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ დიდი ალბათობით მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას და მის გუნდს გულისხმობს. რაც შეეხება გიორგი გაბუნიას განცხადებას, მისი აზრით, შესაძლოა ეს იყოს მინიშნება ენმ-ის თავმჯდომარედ ნიკა გვარამიას დანიშვნაზე და გაბუნიაც ერთგვარ ულტიმატუმს უყენებდეს „ნაცმოძრაობს“ – თუ ნიკა გვარამიას თავმჯდომარედ არ დანიშნავენ, ამ პარტიას ტელევიზიაც აღარ ექნება. თუმცა ძაბირაძე არც მელია-გვარამიას ალიანსს გამორიცხავს.
„მე რაც გავიგე სააკაშვილის განცხადებიდან ისაა, რომ ის უფრო ნიკა მელიას მოიაზრებს, რომელიც შესაძლოა პარტიის დატოვებაზე უკვე ფიქრობდეს. მე პირიქით მგონია, რომ გაბუნიას განცხადების შემდეგ გვარამია ის ფიგურა გახდება, რომელიც საბოლოო ჯამში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ მოიაზრება. პირიქით მგონია, რომ არაა გამორიცხული სააკაშვილმა გვარამიას თავმჯდომარედ დანიშვნა მოითხოვოს. არც პარტიის დაშლას შეაჩერებს. პარტიაში, მიუხედავად სააკაშვილის სურვილებისა, დიდი ნაწილისთვის ლევან ხაბეიშვილის ფიგურა მიუღებელია.
„ამიტომ მე ტელევიზიის მხრიდან გიორგი გაბუნიას განცხადება უფრო გავიგე ისე, რომ თუ ნიკა გვარამიას თავმჯდომარედ არ დანიშნავენ, ამ პარტიას ტელევიზიაც აღარ ექნება. ან არის მეორე ვერსიაც – რომ მელიამ და გვარამიამ ერთად გადაწყვიტეს პარტიის შექმნა, რაც „ნაციონალების“ ამომრჩევლის გადაქაჩვას მოახდენს. თან ისე, რომ სააკაშვილის ხაზი არ დაკარგონ. ბევრი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ. ფაქტი ერთია, რომ სააკაშვილი სწორად ხვდება რა სიტუაცია შეიძლება განვითარდეს პარტიის ირვლივ. ამიტომ მათ აფრთხილებს, რომ იგივე მოუვათ, რაც ბოკერიას, რომელიც ვხედავთ, რომ განულებული ფიგურაა“, – ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
„მელია და გვარამია ერთად უკვე ძალაა“
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგად მიხვდა პარტიაში რა სახის ძვრები შეიძლება დაიწყოს. მისივე შეფასებით, დამოუკიდებლად ნიკა გვარამიას არანაირი წონა არ აქვს და ამიტომ შესაძლოა სააკაშვილი საფრთხეს მისი და მელიას ალიანსში უფრო ხედავდეს. გარდა ამისა, ექსპრეზიდენტმა რაღაც კონკრეტული ინფორმაცია მიიღო და ამიტომ ამ განცხადებით ისინი გააფრთხილა.
„სააკაშვილი მართალია, როცა ამბობს, რომ განულდებიან. თუმცა, ნიკა გვარამია და თუნდაც გიორგი გაბუნია ვინ არიან საზოგადოების თვალში და რას წარმოადგენენ? არაფერს, მათ არანაირი რეიტინგი და წონა არ გააჩნიათ. ამიტომ მარტო გვარამია, თუნდაც თავის მედიასთან და დამფინანსებლებთან ერთად, რომლებიც აძლევენ დამოუკიდებლობის გარანტიას, ვისთვის რას წარმოადგენს?! დამოუკიდებლად თამაშის შანსი უფრო ნიკა მელიას აქვს. აი, მელიასთან თუ იქნება გვარამია, უკვე შესაძლოა რაღაცა ძალა იყოს. ისინი ერთად ენმ-ის ამომრჩეველის რაღაცა ნაწილს წაიყვანენ.
„თუმცა აქაც ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არსებობს, რას იტყვის სააკაშვილი და ვის მხარეს დაიკავებს. ამიტომ აქაც რისკებია. თუმაც მელიას და გვარამიას ერთად 5%-იანი ბარიერის გადალახვა მაინც არ გაუჭირდებათ, ეს კი, ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან დაარტყამს“, – ამბობს საყავრელიძე „რეზონანსთან“.