პოლონეთის რესპუბლიკაში მიმდინარე კარპაჩის 32-ე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს მხრიდან ძირითადი გამომსვლელები იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ხოლო პოლონური მხრიდან სადისკუსიო პანელში მონაწილეობდნენ სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ბარბარა ბარტუსი და პაველ კოვალი. პანელს მოდერირებას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
ქართული დელეგაციის გამოსვლებში აქცენტი გაკეთდა საქართველო-პოლონეთის ისტორიულ ურთიერთობასა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე. პანელურ დისკუსიაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის მიმოხილვას, მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის შესაბამის რეკომენდაციებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციაზე და ამ კუთხით საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე.