პირველად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, შეერთებული შტატები უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს გადასცემს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისი თქმით, მათ, ვინც წვლილი შეიტანა პუტინის აგრესიულ ომში, უნდა გადაიხადონ საფასური.
„ჩვენ პირველად გადავცემთ უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რაც უკრაინელ ვეტერანებს მოხმარდება“, – აღნიშნა ბლინკენმა.
საუბარია 5,4 მილიონ დოლარზე. თანხები უკრაინას ბლინკენის მიერ გამოცხადებული დახმარების ფარგლებში გადაერიცხება.
ბლინკენმა, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ ახორციელებს საერთაშორისო ზეწოლას რუსეთზე, რათა დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას.