დიდი ბრიტანეთი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა.
„მსოფლიო თავზარდაცემული აკვირდებოდა ბელარუსის ხელისუფლების მიერ თაღლითური არჩევნების შემდეგ გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩასახშობად გამოყენებულ ძალადობას. დიდი ბრიტანეთი ბელარუსის არჩევნების შედეგებს არ ცნობს,“ – აღნიშნულია დომინიკ რააბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი პარტნიორებთან ერთად მზად არის სანქციები დაუწესოს იმ პირებს, ვინც პასუხისმგებელია ბელარუსში მშვიდობიანი აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში.
„სასწრაფოდ გვჭირდება ეუთო-ს მეშვეობით იმ დარღვევებზე გამოძიების ჩატარება, რამაც ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები უსამართლოდ აქცია და ასევე უნდა გამოვიძიოთ ის საშინელი რეპრესიები, რაც არჩევნებს მოჰყვა. გაერთიანებული სამეფო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს იმაზე, რომ სანქციები დაუწესდეს იმ პირებს, ვინც ამაზე პასუხისმგებელია და ასევე პასუხი აგებინოს ბელარუსის ხელისუფლებას,“ – განაცხადა დომინიკ რააბმა.
“აიპიენი”