ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო იყო ერთ-ერთი სანდო პარტნიორი ნატო-ს მისიებისთვის, მოვახდინეთ იმის დემონსტრირება, რომ არ ვითხოვთ მხოლოდ დახმარებას, არამედ შეგვაქვს კონტრიბუცია საერთო მიზნების მისაღწევად

საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე, საიმედო, სანდო პარტნიორი ნატო-ს მისიებისთვის, ავღანეთში, ერაყში, ასევე ევროკავშირის ეგიდით გამართულ მისიებში ცენტრალურ აფრიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე მეთაურის თქმით, საქართველომ ყველგან მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ არ ითხოვს მხოლოდ დახმარებას, არამედ თავად არის მონაწილე და შეაქვს კონტრიბუცია საერთო მიზნების მისაღწევად.

„ჩვენ კარგად გვესმის ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რომელშიც ვიმყოფებით. ალბათ ასეთი გამოწვევის წინაშე არა მხოლოდ ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქვეყანა, არამედ მთლიანად ევროპა, ევროპის კონტინენტი არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, აგრესიამ და ომმა, რომელიც მიმდინარეობს და არ ჩერდება, შეცვალა მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი. იცვლება საერთაშორისო წესრიგი, წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რაც, რა თქმა უნდა, არის დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვისაც, ვინაიდან, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებულ მდგომარეობაშია. მე მჯერა, რომ ეს თქვენ კარგად გესმით და ჩვენს ევროპელ მეგობრებს. არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ჩვენ ვიმყოფებით სპეციფიურ მდგომარეობაში, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დღესაც არის ოკუპირებული. ჩვენს ტერიტორიაზე დგას რუსული საოკუპაციო ჯარები. პირველი ომი ჩვენ გადავიტანეთ 2008 წელს. ეს იყო დამანგრეველი ომი, რამაც ასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, ჩვენი ჯარიკაცები, ჩვენი პოლიციელები, სამოქალაქო პირები. ჩვენ მძიმე ფასი გვაქვს გადახდილი. ამას გარდა, მინდა, შეგახსენოთ ჩვენი თანამონაწილეობა ზოგადად მსოფლიოში მშვიდობის დამყარების პროცესში.

საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე, საიმედო და სანდო პარტნიორი ნატო-ს მისიებისთვის. ავღანეთში,ერაყში, ასევე ევროკავშირის ეგიდით გამართულ მისიებში ცენტრალურ აფრიკაში. ჩვენ ყველგან მოვახდინეთ დემონსტრირება იმისა,რომ ჩვენ არ ვითხოვთ მხოლოდ დახმარებას, არამედ ჩვენ თავად ვართ მონაწილენი და შეგვაქვს კონტრიბუცია საერთო მიზნების მისაღწევად.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შესრულებული გვაქვს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების 55 პროცენტზე მეტი და თავისუფალი ვაჭრობის 60 პროცენტზე მეტი, ამ პროცესს მე თავად ვხელმძღვანელობ. ჩვენ გვაქვს ევროინტეგრაციის უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც ვხელმძღვანელობ და ამ პროცესს კოორდინაციას ვუწევ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.