აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მის მიმართ ფორმალური საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა. როგორც გამოცემა Axios-ი წერს, ბაიდენმა განაცხადა, რომ ყოველ დილით ამაზე ფიქრით არ იღვიძებს.
„მე ბევრი გასაკეთებელი საქმე მაქვს – ვაგვარებ პრობლემებს, რომლებიც ამერიკელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის წინააღმდეგ ფორმალური საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყების შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ 13 სექტემბერს განაცხადა. საქმე ეხება ბაიდენების ოჯახის მიერ რუსი, უკრაინელი და ყაზახი ოლიგარქებისგან 20 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ქრთამის აღების შესაძლო ფაქტს.
გამოძიების თანახმად, ტრანზაქციებს ბაიდენის ვაჟი, ჰანთერ ბაიდენი იღებდა, თუმცა რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ კორუფციულ სქემასთან ჯო ბაიდენიც იყო დაკავშირებული.