ირაკლი კობახიძე – ქვეყანას ჰყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანას ჰყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ხალხსა და ხელისუფლებას შორის ზღვრის გავლება ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი პროპაგანდაა.

აღნიშნული კომენტარით კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, „როგორ შეაფასებდა შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ რუსული ნარატივია ოპოზიციის მხრიდან ხალხის და ხელისუფლების გაყოფა“.

„რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის განცხადებას, თავიდან ბოლომდე ვეთანხები, ჩვეულებრივი დეზინფორმაციული კამპანიაა, რაც წარმოებს. ასეთი კამპანიები ახასიათებს ავტოკრატიულ რეჟიმებს და მე არ ვიცი, რატომ იყენებენ ამ კამპანიას ჩვენთან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, მათი პატრონები საზღვარგარეთ. ქვეყანაში არის ხალხის მიერ არჩეული ხელსუფლება და ხალხსა და ხელისუფლებას შორის ზღვარის გავლება არის ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი პროპაგანდა. ყველას ვურჩევ, ასეთი პროპაგანდისგან თავი შეიკავონ. ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას საქართველოს ხელისუფლება არ მოიხსენია. ხელისუფლება ხალხისგან გამიჯნა? ასევე, რატომ არ ახსენა საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან?“, – კობახიძის თქმით, სამწუხაროა, თუ მიზანი ხელისუფლების და ხალხის გამიჯვნა იყო.

„ეს თუ იყო მიზანი, ძალიან სამწუხაროა. იმედი მაქვს, ეს არის უბრალოდ ტექნიკური საკითხი. თუ ტექნიკური არ არის, რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო და დასანანია. რადგან მე არ წამიკითხავს, ვერ გავაკეთებ კომენტარს. თუ ასეა, ეს იქნება სამწუხარო და დასანანი, მაგრამ ვერაფერს გეტყვით. არ ვიცი, კონკრეტულად რა იყო განცხადების შინაარსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ ევროპარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა: „უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის, მოლდოვის მომავალი ჩვენს კავშირშია და მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა საქართველოში ბევრი ადამიანისთვის“.