შალვა პაპუაშვილი – ბოლო ათწლეულის განმავლობაში პარლამენტმა დიდი სამუშაო გასწია თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის და მასთან დაკავშირებული საკითხების მოსაწესრიგებლად

დღევანდელი ღონისძიება დამოუკიდებელი სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს ატრიბუტს, სიმბოლიკას ეძღვნება. სახელმწიფო სიმბოლოები გვაერთიანებს ჩვენი ქვეყნის მდიდარი ისტორიის, კულტურისა და თვითმყოფადობის გარშემო და, აგრეთვე, ჩვენი ეროვნული იდენტობის სახეა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოს მიერ გამართულ კონფერენციაზე.

მისივე განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სახელმწიფო სიმბოლოების აღდგენას. პირველივე მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომაზე, 1991 წლის 14 ნოემბერს, აღდგა 1918-1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები. შალვა პაპუაშვილის თქმით, თითქმის ათწლეულზე მეტი დასჭირდა მოქმედი სახელმწიფო გერბისა და სახელმწიფო დროშის მხატვრულ-შინაარსობრივი სახის დაზუსტებას და დადგენას, რასაც საფუძვლად ევროპული ისტორიული წყაროები დაედო.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში პარლამენტმა დიდი სამუშაო გასწია თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის განსავითარებლად და მასთან დაკავშირებული საკითხების მოსაწესრიგებლად. არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯიდან აღსანიშნავია: 2014 წელს, საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო სიმბოლოების მხატვრულ-შინაარსობრივი სახის ცვლილების საკონსტიტუციო ცვლილებასთან გათანაბრება. აგრეთვე, 2018 წელს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონის მიღებით, სახელმწიფოს მიერ აღმართული და გამოსახული უკლებლივ ყველა სიმბოლოს დადგენისა და გამოყენების საკანონმდებლო მექანიზმის შექმნა, რის შედეგადაც განისაზღვრა სამთავრობო დაწესებულებების ბლანკებისა და ემბლემების ნიმუშები; 2022 წელს ცვლილება შევიდა დაჯილდოების წესის შესახებ კანონში, რამაც საფუძველი ჩაუყარა უწყებათაშორის კომისიას, რომელიც სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოების სისტემის სრულყოფაზე მუშაობს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, პარლამენტი ახლაც აგრძელებს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ კანონზე მუშაობას, სახელმწიფო ღონისძიებებში მათთვის ღირსეული, საპატიო ადგილის განსასაზღვრად.

„პარლამენტმა დამატებითი სამართლებრივი გარანტიებით დაიცვა ევროპის დროშა, რომლის შებღალვაც 2022 წლიდან დასჯადი გახდა. თითოეული ჩვენი ნაბიჯი და გადაწყვეტილება ეფუძნება იდეას, რომ საქართველო ყოველთვის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი იყო, მათ შორის, სიმბოლოებითაც. მათი ჰარმონიზაცია ევროპულ ტრადიციასთან, სიმბოლოების აღდგენა და ჩართვა თანამედროვე სახელმწიფო ატრიბუტიკაში საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების განუყოფელი ნაწილია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.