პარიზში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრები გამართა საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პიეირ ალექსანდრ ანგლადთან, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში ევროპულ საქმეთა გენერალურ მდივანთან, ემანუელ პუისე-ჟოვინთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის დეპარტამენტის დირექტორთან, დევიდ კვაშთან და კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, სილვენ გიოგესთან.
შეხვედრისას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და მოლოდინზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და მიღწეული პროგრესი.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა და გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა.
აღინიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მზად არის ამ მიმართულებით ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს ქვეყანას.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრები გამართა ასევე, რობერტ შუმანის ფონდის პრეზიდენტთან, ჟან-დომინიკ ჯულიანისთან და პოლიტიკური კვლევების ცენტრის უფროს მკვლევართან ფლორან პარმენტიესთან.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.