აშშ-ში რუსეთის მხრიდან ბელარუსის დახმარების შესახებ გაკეთებული განცხადება დაგმეს

კონგრესმენები ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკოლი განცხადებას ავრცელებენ – კრემლი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის სუვერენიტეტს

 

აშშ-ში რუსეთის მხრიდან ბელარუსის დახმარების შესახებ გაკეთებული განცხადება დაგმეს. როგორც წარმომადგენლეთა პალატაში აცხადებენ, ლუკაშენკოსთვის დახმარების შეთავაზების გზით, კრემლი კიდევ ერთი ევროპული სახელმწიფოს სუვერენიტეტს უთხრის ძირს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელისა და რესპუბლიკელი მაიკლ მაკკოლის ერთობლივ განცხადებაში.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ბელარუსებს, რომლებიც იყენებენ საკუთარ უფლებას, ჩაატარონ საპროტესტო აქცია და ითხოვენ უფრო თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას. მათი ხმა უნდა შეისმინონ. ამასთან ერთად, კრემლი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩვენ ვგმობთ პრეზიდენტ პუტინის უგუნურ წინადადებას, ლუკაშენკოს რეჟიმს სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, კვლავაც უარყოს მოსკოვის აგრესია და იმუშაოს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერად“, – აცხადებენ კონგრესმენები.

მათივე თქმით, ბელარუსს აქვს სუვერენული უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი.

“1 არხი”