ზარქუა სუსს მადლობას უხდის

მადლობა სუს-ს ამ პრევენციისთვის, გავიგეთ, რისთვისაც ემზადებიან, ამ ხელმოცარულებს არ მივცემთ საშუალებას, ჩვენი ქვეყანა არიონ და შემდეგ მეორე ფრონტი აქედან გაიხსნას, გამორიცხულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„შესაბამისმა სტრუქტურებმა განცხადება გააკეთეს იმ სავარაუდო რევოლუციური სცენარზე, რომლისთვისაც ეს ხელმოცარული რადიკალები ემზადებიან და კონკრეტული გვარებიც გაჟღერდა. მინდა სუს-ს ამ კვალიფიციური მუშაობისთვის მადლობა ვუთხრა. აქ მხოლოდ ინფორმაცია არ არის, აქ არის კონკრეტული თემა, სადაც ანალიზის შედეგად საქმეც არის აღძრული. დასკვნები გამოიტანეს და საზოგადოებას აუწყეს. რასაც ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამ ხელმოცარულებს მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ და ჰგონიათ ის რევოლუციური სცენარი გამოუვათ და ამისთვის ემზადებიან. ამიტომაც იყო, რომ ხაბეიშვილი დაჩაგრეს. ხალხი ვერ აიყოლია, პირიქით ბოლოს ისეთი თემა იყო, ყველა განერიდა. 17 კაციდან ოთხი გამოაკლდა, 11 თუ უფრო ნაკლები მისდევდა. ამიტომაც იყო, რომ ჩაანაცვლეს შუბლგაწყვეტილი, რომ არის, პოპულისტი და ხელმოცარული ბატონი ვაშაძე, უფრო მეტად ყველაფრის მკადრებელია, ყველაფერზე წამსვლელია და ამიტომაც ჩაანაცვლეს ამ რადიკალებმა. ჰგონიათ, რომ ახლა ვაშაძე, გიჟი ჯაფარა და რუსეთიდან რომ ფინანსდება კიდევ „ლაკა“ რევოლუციას მოაწყობენ. გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებმა და მათმა პატრონებმა კიდევ ქალბატონი ლომჯარია გამოიყვანეს ქართველ ხალხთან ერთად. არაფერი საერთო არ აქვთ. სად ლომჯარია და სად ქართველო ხალხი. რა ლომჯარია, ლიდერი და რა პლატფორმები. თუ ფულის ხარჯვა არ გეზარებათ, კი ბატონო, დახარჯეთ“,- განაცხადა ზარქუამ.

მისივე თქმით, საქართველოს არ სჭირდება რევოლუცია და მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყანას მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება სჭირდება.

„კონკრეტული გვარები გაჟღერდა. გაჟღერდა ბატონი ლორთქიფანიძის გვარი, რომელიც არის ავტორი არაჟნებში რომ ჩასვეს და აქ შემოაპარეს, ახლა, რომ სასჯელს იხდის. ამის ერთ-ერთი ორგანიზატორია ბატონი ლორთქიფანიძე, რომელიც უკრაინაში ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. რამდენიმე თვის წინაც ზუსტად გვქონდა ინფორმაცია, რომ მეომრების შემოყვანა უნდოდათ, რომ აქ სისხლის გუბეები დამდგარიყო. ხომ მოისმინეთ სააკაშვილი როგორ ელაპარაკებოდა, რომ აქ სისხლის დაღვრის გარეშე რევოლუცია არ გამოვაო. ეს არის ამათი ამოცანა, მიზანი და სწრაფვა. ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე ჩაუვარდათ, ემზადებიან ისევ მე-5 ტალღისთვის. ახალა ეტყობა, მასშტაბურად აპირებენ, ყველა სხვადასხვა ფრონტიდან შეუტიონ ქართველ ხალხს და ჩვენს სახელმწიფოს. არ გამოუვათ. როგორც არასდროს, ისეა ერთიანი საქართველოს მოსახლეობა იმაში, რომ საქართველოს არ სჭირდება რევოლუცია და მეორე ფრონტის გახსნა. საქართველოს მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება სჭირდება, რასაც ჩვენი ხელისუფლება ასრულებს და ამას ბოლომდე მივიყვანთ“,- განაცხადა ზარქუამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.