,,როიტერის“ ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა ოქტომბერში პეკინში გაიმართება

ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა ოქტომბერში პეკინში გაიმართება, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„ოქტომბერში ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საფუძვლიან ორმხრივ მოლაპარაკებებს პეკინში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის“, – განაცხადა ნიკოლაი პატრუშევმა მოსკოვში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან შეხვედრისას.

ამასთან, პატრუშევმა აღნიშნა, რომ რუსეთს ჩინეთთან კავშირების განვითარება სურს.

„რუსეთი ჩინეთთან ურთიერთობების პროგრესული განვითარებისა და გაძლიერებისკენ არის მიმართული“,- განაცხადა პატრუშევმა.

შეგახსენებთ, ეს იქნება რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა.