2024 წლის შემოდგომაზე ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე დადგება. ახალ უმკაცრეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც პროცესები ჯერ მხოლოდ ირევა და არ ლაგდება, ხალხს არჩევანის გაკეთება მოუწევს არა მარტო ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტსა და იმ უსიტყვო მორჩილებას შორის, რითაც დღემდე ცხოვრობდა საქართველო, – ამის შესახებ ხალხის ძალა“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ვსაუბრობთ სუვერენიტეტსა და მორჩილებაზე, აქ ერთმანეთში არ ვურევთ თანამშრომლობასა და მონობას, ეროვნული ღირსების დაცვას და ეროვნული ღირსების შეურაცხყოფას.
„რას ვთავაზობთ მოსახლეობას? პრინციპულობას და არა – რადიკალიზმს. თვითმყოფადობას და არა – უსიტყვო მორჩილებას. მშვიდობას და არა – ომს. სიმართლეს და არა – სიცრუეს. ხვალინდელი დღის სწორად განსაზღვრას, ახალი მსოფლიო პოლიტიკის თანამონაწილეობას და არა -წარსულში ჩარჩენას. რადიკალიზმი ანგრევს ქვეყანას, პრინციპულობა და ღირსება კი სახელმწიფოებრივ ინტერესებს იცავს. ოპოზიცია დიდი ხანია, რადიკალიზმსაც კი გასცდა და საკუთარი ქვეყნის მტრობასაც არ ერიდება“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, მშვიდობა უალტერნატივოა ქვეყნისთვის და ეს იცის ხალხმა და ეს იციან იმ პოლიტიკურმა ძალებმაც, რომლებიც გამუდმებით უარყოფენ ომის რიტორიკას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საარჩევნოდ სჭირდებათ.
„იციან, რომ ომის პარტიას ხალხი ხმას არ მისცემს. სიმართლესა და სიცრუეს შორის არჩევანის გაკეთება თუ რამდენად მარტივია, ყველამ კარგად ვიცით, მთავარია, ხალხმა იცოდეს, თუ რა არის სიმართლე. ჩვენც სწორედ ამას ვაკეთებთ დიდი ზეწოლის, ბულინგის და ყველანაირი ბინძური მცდელობების მიუხედავად. მართალია, სიცრუითა და სიყალბით ცდილობენ საზოგადოება მოატყუონ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს ფარდა ეხდება და სიცრუის მკადრებელი ოპოზიცია ნდობას ბოლომდე კარგავს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხალხი ხვდება, თუ ვის მიჰყავს ქვეყანა სწორი გზით და ვინ მიაქანებს მას ნგრევისა და მონობის გზაზე. მომდევნო ერთი წელიც ხალხზე ზომბირების წელი იქნება, რასაც ჩვენ სიმართლეს დავუპირისპირებთ. მყარად მჯერა, საქართველო გახდება ერთიანი, ძლიერი სუვერენული სახელმწიფო ქართველი ხალხის სწორი არჩევანით, რომელიც იქნება ჩვენი უშეცდომო პოლიტიკის შედეგი. ამ შედეგს მივიღებთ სწორედ 2024 წელს საზოგადოებასთან ერთად“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.