განცხადება, რომ ეროვნული ბანკი თურმე მოიქცა არასწორად და არაკონსტიტუციურად, არის ფაქტობრივად, ქვეყნის ფინანსური სისტემის ჩამოშლის რისკის ტოლფასი. რა მოხდებოდა, რომ ეროვნულ ბანკს არ მიეღო ეს გადაწყვეტილება. მოხდებოდა ის, რომ საქართველოს საბანკო სისტემა იქნებოდა იზოლირებული მთელი მსოფლიოსაგან, – ამის შესახებ რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„ვერასდროს ფარცხალაძის დანაშაულს თქვენ ვერ ჩამოირეცხავთ, ვინაიდან ფარცხალაძე იყო გენერალური პროკურორი და ის არის მრავალ დანაშაულში მხილებული. ერთია, როდესაც ასე სამარცხვინოდ გადაეფარებით და იცავთ მას და მეორეა, თუ როგორი რისკის ქვეშ აყენებთ ქვეყანას მასზე სანქციების დაუწესებლობის გამო. ეს ნიშნავს, რომ ჩამოიშლებოდა ქართული ბიზნესი, ვერც ერთი მეწარმე ფულს ვერ გადარიცხავდა უცხოეთში, ერთი მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც უცხოეთში მუშაობს, ფულს ვერ გადმორიცხავდა საქართველოში. აპოკალიფსია რასაც მე გეუბნებით, მაგრამ ეს ვერ გააცნობიერეთ თქვენ გუშინ. რა მოხდებოდა, რომ ეროვნულ ბანკს არ მიეღო ეს გადაწყვეტილება. მოხდებოდა ის, რომ საქართველოს საბანკო სისტემა იქნებოდა იზოლირებული მთელი მსოფლიოსაგან“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ეროვნულ ბანკში ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.