ნიკოლ ფაშინიანსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ „ფაშინიანმა და ბლინკენმა განიხილეს აზერბაიჯანის თავდასხმის შემდეგ მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება“.

მათივე ცნობით, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ძალის გამოყენება დაუშვებელია და აღნიშნა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების აუცილებლობა დეესკალაციისთვის.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.