ხედავთ, რა ხალხთან გვაქვს საქმე. ესენი არიან ჯაშუშები და აგენტები, რომლებსაც აქვთ ერთადერთი სურვილი, საქართველო აქციონ უკრაინად. ამას ვერ ეღირსებიან. ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, ქვეყანას უკრაინიზაცია ავარიდოთ.
„სად იყო ფარცხალაძე, ესენი ამას რომ აკეთებდნენ. ესენი არიან ჯაშუშები. არის დაახლოებით ხუთი პარტია – „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარია, რამდენიმე პარტია, არის რამდენიმე ყველაზე მდიდარი „ენჯეო“ და არის რამდენიმე მედიასაშუალება, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ საქართველოში აგენტურულ საქმიანობას. მათი ერთადერთი მიზანია, საქართველო უკრაინად აქციონ. ყველას მოგიწოდებთ, გაემიჯნოთ ამ უმძიმეს დავალებას. საქართველოს უკრაინიზაცია არის ის, რაც არაფრით არ უნდა დავუშვათ. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, ამ ქვეყანას უკრაინიზაცია ავარიდოთ.
ეს სუბიექტები, ვინც ჩამოვთვალე, ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში უკრაინული სცენარი განმეორდეს. დღევანდელი პოლარიზაცია, რადიკალიზაცია, ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს. რაც ხდება დღეს საქართველოში, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, ეს არის არეულობა, რევოლუცია და მეორე ფრონტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.