ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც “ლეიბორისტული” პარტიის ოფისში იყვნენ შეკრებილები, ღიად დარჩენილ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების დასახლების გარდა, კიდევ ერთ საკითხზე მიიღეს გადაწყვეტილება.
ოპოზიციურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს ხმების დაცვის დეკლარაციას. ეს არის დოკუმენტი, რომლითაც ისინი თანხმდებიან, რომ არჩევნებში ერთმანეთის ხმებს დაიცავენ.
“მიდგომა იქნება განსხვავებული, ის კი არა რომ ჩემი ხმები დავიცვა, რაც ბუნებრივია პირველი ინსტინქტია ყველა პოლიტიკური ძალის. არამედ, რომც არ იყოს იქ წარმოდგენილი ძლიერად რომელიმე პარტია, ფუნდამენტური ინტერესი იქნება, რაც თანხვედრაშია დემოკრატიულ პრინციპთან და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებთან, რომ ყველა ხმის დაცვა მოხდეს და თანაბრად იყოს ყურადღება განაწილებული. ამას სჭირდება ადგილებზეც კომუნიკაცია და კოორდინაცია,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას ყველა ლიდერი ვერ ესწრება, ისინი აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან და თანხმობა გამოთქვეს.
“მე მინდა ძალიან დიდი თხოვნით მოგმართოთ ჟურნალისტებს, რომ კარგად გააშუქოთ ის, რომ დღეს ყველა ლიდერი აქ ვერ იქნება ფიზიკურად წარმოდგენილი. მე მესმის, რომ ხელისუფლება შეეცდება მაქსიმალურად ყველა დეტალს გამოედევნოს, მაგრამ ყველა ჩვენგანს ტელეფონის ჩათში გვაქვს ყველა ლიდერის თანხმობა მოწერილი, ვინც ვერ ესწრება დღეს, რომ დღევანდელ საკითხებთან დაკავშირებით ისინი საქმის კურსში არიან და ძირითად საკითხზე, რაც დეკლარაციას ეხება, ასევე არის მათი მხრიდან თანხმობა,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.