ბლუმბერგის ცნობით, აშშ პოლონეთს სთხოვს, უკრაინაში იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გაკეთებული განცხადება განმარტოს. ამის შესახებ გავლენიან სააგენტოს აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც „ბლუმბერგი“ არ ასახელებს.
მისი თქმით, პოლონეთი კვლავაც ერთგულია უკრაინის მხარდაჭერის, თუმცა ვაშარვის მკაფიო პოზიცია უცნობია. ის ასევე დასძენს, რომ კიევსა და ვარშავას შორის უთანხმოებას ჯერ არ გამოუწვევია განხეთქილება კოალიციაში, რომელიც უკრაინას ეხმარება.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, პოლონეთის უკრაინისადმი მხარდაჭერის დაკარგვა შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს უკრაინის სამხედრო კამპანიისთვის, რადგანაც ეს შეარყევს ნატო-ს ერთიანობას.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიცეკიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვარშავა კიევს შეიარაღებას აღარ აწვდის და ფოკუსირებულია საკუთარი არმიის გადაიარაღებაზე. ეს განცხადება პოლონეთს და უკრაინას შორის მარცვლეულის გარშემო მიმდინარე დავის ფონზე გაკეთდა. პოლონეთი აცხადებს, რომ საკუთარი ფერემრების ინტერესების დასაცავად იაფფასიანი უკრაინული აგრარული პროდუქციის პოლონეთში იმპორტს არ დაუშვებს.