პრეზიდენტის დისკრეციაა, რომ ასე მოიქცეს, მაგრამ რა კავშირშია, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქედ დაისჯება თუ რუსეთის, არ ვიცი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარის თქმით პრეზიდენტს სამართლებრივად რა მიზეზი აქვს, გაუგებარია.
„სამართლებრივად რა მიზეზი აქვს, არ მესმის, მაგრამ პოლიტიკურად შეიძლება. ამ ვითარებას თუ პოლიტიკურად შევხედავთ, ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქედ დატოვება აჩენს რისკებს სანქცირების ნაწილში. „ქართულ ოცნებას“ თუ უნდოდა, სწრაფად დაემთავრებინა ეს სიტუაცია და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გამოსულიყო, რადგან მოიხსნებოდა საკითხები შესაძლო შემდგომი სანქცირების, იმიტომ, რომ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა და სანქციების ნაწილი არ ვრცელდება, ეს რისკი რჩება და, შესაძლოა, ასე პრეზიდენტმა უპასუხა „ქართულ ოცნებას“, რომელსაც პრობლემა ვერ მოეხსნა და, შესაძლოა, ნერვიულობა გააგრძელონ. მგონი, ამ შემთხვევაში კანონი არ ირღვევა, მაგრამ ამაზე იურისტებმა იმსჯელონ, უკეთესია“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია“.