ბირჟაზე ნავთობის ფასი იზრდება

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია გრძელდება, ერთთვიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 13%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 94 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 91 დოლარის ფარგლებშია, რაც ერთწლიანი მაქსიმუმია.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 78 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ თვეში 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამჟამად რუსული ნავთობი საერთაშორისო ბირჟაზე დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ საფასო ლიმიტზე 18 დოლარით უფრო ძვირად ივაჭრება.

ანალიტიკოსების შეფასებით, ენერგორესურსების გაძვირება OPEC-ის წევრი სახელმწიფოების სამომავლო გადაწყვეტილებებთანაა დაკავშირებული. სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაცია და საუდის არაბეთი ნავთობის მიწოდებას კიდევ უფრო მეტად შეამცირებენ, რაც ბაზარზე დეფიციტს გაამწვავებს.

მოგეხსენებათ, საუდის არაბეთმა გლობალურ ბაზარს ნავთობის მიწოდება დაახლოებით მილიონი ბარელით შეუმცირა, რუსეთმა კი წარმოების მაჩვენებელი დღიურად 800,000 ბარელით დააკორექტირა.