ბენზინით მოვაჭრე იაკობიძისთვის ურუსეთოდ ბენზინზე ფასის მატება “კატასტროფული” არ არის

ამ დროისთვის ქართულ ბაზარზე მართლაც შეინიშნება საწვავის დეფიციტი – ამის შესახებ „სენტა ოილის დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ამის ძირითადი მიზეზი რუსეთიდან დიზელისა და ბენზინის ექსპორტის შეზღუდვაა. „სენტა ოილის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ აუცილებელია სხვა ბაზრებზე გადართვა, რასაც, ალბათ, გარკვეული დრო დასჭირდება.

ამასთან, ზაალ იაკობიძის განცხადებით, რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის აკრძალვის შემდეგ, საწვავის გარკვეული მარაგი უკვე გზაში იყო და ახლა საქართველოს, ძირითადად სწორედ ეს მარაგები აქვს. შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ახალი კავშირების დამყარება.

„21 სექტემბერს, არა თუ შეზღუდვები იყო, საერთოდ შეწყდა (რუსეთის მიერ) მოწოდება (საწვავის) საქართველოს მიმართულებით. რაც გზაში იყო საქონელი, შედარებით მცირე რაოდენობით, ის შემოვიდა და რაღაც რაოდენობა ისევ გზაშია. ეს არის რუსეთიდან მიღებული და ცოტაოდენი კიდევ მისაღები, საწვავი. ჩვენ ძირითადად საწვავის ეს მარაგი გვაქვს, მცირე რაოდენობით.

ამას ალბათ, დრო დასჭირდება და აუცილებლად მოხდება სხვა ბაზრებზე გადართვა. ეს ის ქვეყნებია, რომლებთანაც ადრეც გვქონდა ურთიერთობა: ბულგარეთი, რუმინეთი, თურქმენეთი, საბერძნეთი… ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. ამ დროისთვის მართლაც შეინიშნება დეფიციტი, რამაც გამოიწვია ფასის ზრდა.

არის ერთ კარგი ინფორმაციაც, საერთაშორისო ბაზარზე, ბოლო რამდენიმე დღეა ფასები ქვემოთ ჩამოვიდა. თუ ჩვენ უკვე საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასებითაც კი (რომელიც უფრო მაღალია, ვიდრე რუსული), საწვავს შევიძენთ, ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ფასების მატება რაღაც პერიოდში, არ იქნება კატასტროფული“,- განაცხადა ზაალ იაკობიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა, რომელიც საქართველოში ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორია, ბენზინისა და დიზელის ექსპორტი აკრძალა. ეს შეზღუდვა არ ეხება ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებს. ამასთან, იგივე რუსეთი გეგმავს ელექტროენერგიაზე საექსპორტო გადასახადის დაწესებას.