სერგეი ლავროვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 3 ოქტომბერს სოჭში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იტყობინება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრები აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასთან.

ლავროვი ასევე შეხვდება სამხრეთ ოსეთის ლიდერს ალან გაგლოევს და ე.წ. საგარეო უწყების ხელმძღვანელ ახსარ ჯიოევს.

„დღის წესრიგში შედის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები. სამმხრივი მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების „ადგილზე“ კოორდინაციის თემას, რომელიც წარმოადგენს დიალოგის უნიკალურ ფორმატს, სადაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური წარმომადგენლები მონაწილეობენ ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.