კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, მთავრობა არის პასუხისმგებელი ქვეყნის საგარეო კურსზე

კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს პარლამენტის სასახლეში, მისი თანხმობის გარეშე პარლამენტში ვერავის შეიყვან, ზუსტად უკრაინის ელჩის გაწვევის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს შენობაში შეჰყავს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ისე, რომ არ უთანხმებს პარლამენტის თავმჯდომარეს, უმძიმესი სხვადასხვაობა იყო პოზიციებს შორის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, მთავრობა არის პასუხისმგებელი ქვეყნის საგარეო კურსზე.

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა გაიწვია საქართველოდან ელჩი, რაც იყო უმძიმესი, მთავრობას ჰქონდა პოზიცია, რომ ეს იყო მიუღებელი, ამას არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, მიზეზი იყო მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნა უკრაინაში, რაც უმძიმეს შედეგებს მოიტანდა ჩვენი ქვეყნისთვის და სანქციების არდაწესება. ამის შემდეგ რას აკეთებს პრეზიდენტი? კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს პარლამენტის სასახლეში, პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე პარლამენტში ვერავის შეიყვან. ეს არის მისი კონსტიტუციური პრეროგატივა. ზუსტად ელჩის გაწვევის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს შენობაში შეჰყავს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ისე, რომ არ უთანხმებს პარლამენტის თავმჯდომარეს, თვითნებურად შეჰყავს სხდომათა დარბაზში ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. უმძიმესი სხვადასხვაობა იყო პოზიციებს შორის პრეზიდენტსა და მთავრობას შორის“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის საერთო კურსი არის ერთი, დეტალებს აქვს მნიშვნელობა.

„მიუხედავად იმისა, რომ საერთო კურსი, რომ ყველას გვინდა ევროპაში ეს არის ერთი და იგივე, ამის მიუხედავად, ის იმდენი ნიუანსია, სადაც ერთი და მეორე მიმართულებით წაიყვანო ქვეყანა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. თითოეულ დეტალს აქვს მნიშვნელობა საგარეო ურთიერთობებში. მთავრობას მიაჩნია, რომ რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი ივნისის ჩათვლით და გრძელდება დღემდე, როცა ხვდება უცხოელ პარტნიორებს, ამას უსაბუთებს და პრეზიდენტს ზუსტად იგივე თემასთან დაკავშირებით აქვს რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება, რომ მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ხელისუფლება 12 პრიორიტეტს. მთავრობა მიდის მაგალითად შარლ მიშელთან, ეუბნება, რომ ყველაფერი გააკეთა და კიდევ გააკეთებს, პრეზიდენტი კი მიდის იგივე თანამდებობის პირთან და ეუბნება, რომ მარტო ფორმალურად აკეთებენ“, – განაცხადა კობახიძემ.