რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთში საზღვაო ბაზის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გაზეთ „იზვესტიასთან“ საუბარში კრემლის ლიდერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ბჟანიას თქმით, ოჩამჩირის რაიონში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნასთან დაკავშირებით შეთანხმება გაფორმდა.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს მომავალში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება ოჩამჩირის რეგიონში“, – განაცხადა ბჟანიამ.
დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, ეს ყველაფერი მიზნად ისახავს როგორც რუსეთის, ისე აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის დონის ამაღლებას.
„არსებობს რაღაცები, რაზეც ვერ ვისაუბრებ“, – აცხადებს ბჟანია.
გარდა ამისა, როგორც რუსული მედია წერს, ასლან ბჟანიამ საქართველოს ხელისუფლების ლიდერებს „პრაგმატული ხალხი“ უწოდა.