ვატიკანში, რომის პაპის ხელმძღვანელობით წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო, რომელიც რომის კათოლიკური ეკლესიისთვის სავარაუდოდ, რევოლუციური შედეგებით დასრულდება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სინოდი თითქმის ერთი თვის განმავლობაში, დახურულ რეჟიმში იმუშავებს. შეკრებას წინ მრევლის გამოკითხვები უძღოდა, რომელსაც 2 წლის განმავლობაში ატარებდნენ: რიგით კათოლიკეებს სხვადასხვა ქვეყანაში ეკლესიის მომავლის თაობაზე საკუთარი აზრების გაზიარებას სთხოვდნენ.
ამ გამოკითხვების საფუძველზე სინოდის სამუშაო დოკუმენტი შედგა, რომელშიც მოხვდა ისეთი პუნქტები, როგორებიცაა: ქალების ადგილი ეკლესიის იერარქიაში, ლგბტ საზოგადოებასთან დამოკიდებულება, მღვდელმსახურების ცელიბატი, ბრძოლა პედოფილიასთან, აბორტები და ა.შ.
ისტორიულ სხდომამდე რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ტრადიციული საჯარო მესა ჩაატარა. მან განაცხადა, რომ ერთ-ერთ მთავარი საკითხი ეკლესიისთვის არის ის თუ როგორ მიაწვდინოს რელიგიური გზავნილები კარდინალურად შეცვლილ საზოგადოებას. ფრანცისკეს თქმით, ეკლესიას განწმენდა სჭირდება და მან ინკლუზიურობა უნდა ისწავლოს.
სინოდის სხდომა 28 ოქტომბერს დასრულდება და ეს ფრანცისკეს მიერ ინიცირებული ეკლესიის რეფორმის პირველი ნაბიჯი იქნება. სინოდის წევრები ვატიკანში 2024 წლის ოქტომბერშიც შეიკრიბებიან და ამ სხდომების შემაჯამებელი დოკუმენტი, რომელსაც ხელს პონტიფექსი მოაწერეს 2025 წელს გამოქვეყნდება. ხმის მიცემის უფლება სინოდის 365 წევრს აქვს. ისტორიაში პირველად მათ შორის 54 ქალია. თუმცა, კონსერვატორი მღვდლები ასეთი შემადგენლობის წინააღმდეგები არიან.
რელიგიის ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ამ დრომდე კათოლიკურ ეკლესიაში სერიოზული ბრძოლა გაიმართება პროგრესულ და კონსერვატორ მღვდელმსახურებს შორის.