სხდომაზე მაია კოპალეიშვილის მხრიდან გრძელდებოდა ერთგვარი ბულინგის მცდელობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და მომიწია შეხსენება, რომ ეს არ არის ადეიშვილის სასამართლო, სადაც ის და მისი პარტია შეიძლება, თავისუფლად გრძნობდნენ თავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში არის ადეიშვილის კადრი, ეს მეტყველებს იმ პოლიტიკურ ალიანსზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული ზურაბიშვილსა და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის.
„გავიხსენე საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, როდესაც მაშინდელი თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილია მაინცდამაინც ერთი და იგივე კოლეგიას აწერდა პოლიტიკურად სენსიტიურ ყველა საქმეს და წინასწარ იცოდა, რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა შესაბამისი კოლეგია. ეს პროგნოზი მართლდებოდა ხოლმე. მაშინ კლანი იყო ჩამოყალიბებული საკონსტიტუციო სასამართლოში და მე გავიხსენე, რომ ქალბატონი მაია სხვა მოსამართლეებთან – ვარძელაშვილი, ერემაძე, თვითონ პაპუაშვილი, კოპალეიშვილი ერთად მთლიანობაში წარმოადგენდნენ კლანს. როდესაც სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი წარმომადგენელი არის ადეიშვილის კადრი, გვარამიას ყოფილი მოადგილე, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ პოლიტიკურ ალიანსზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის“, – განაცხადა კობახიძემ.