ბელარუსში დემონსტრანტების დაკავება გრძელდება

მინსკის ტრაქტორების ქარხანასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ორი ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობისთვის ორი ადამიანი დააკავეს.“

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შეკრებილი ადამიანები გააფრთხილა, რომ ისინი კანონს არღვევენ და დაშლა სთხოვა. ზოგიერთი მოქალაქე აღნიშნულ თხოვნას არ დაემორჩილა,“- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ არჩევნებზე ხმების მასობრივი გაყალბება მოხდა და გამარჯვებული არა ალექსანდრე ლუკაშენკო, არამედ ოპოზიციის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაიაა. ისინი პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. აქციების დროს სამართალდამცავებთან შეტაკებების შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა, აქციის 3 მონაწილე კი – გარდაიცვალა.

 

“ინტერპრესნიუსი”