ისრაელს უფლება აქვს თავი დაიცვას, თუმცა ზოგიერთი გადაწყვეტილება საერთაშორისო ნორმებს არღვევს, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ჯოზეფ ბორელი პალესტინისთვის დახმარების საკითხსაც შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დახმარების პროგრამა პალესტინისთვის აუცილებლად გაგრძელდება.
„ბარბაროსულმა თავდასხმამ ისრაელზე, რომელსაც კოლოსალური მსხვერპლი მოჰყვა, ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან რეაქცია გამოიწვია. მას ასევე მოჰყვა ადამიანების ტანჯვა. დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ ყველაფერი, ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა ხდებოდეს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ღაზის სექტორში მსხვერპლი იზრდება.
ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ ეს საერთაშორისო ნორმების ფარგლებში უნდა ხდებოდეს. რაც შეეხება პალესტინას, პალესტინის ადმინისტრაცია ჩვენი პარტნიორია, ჩვენ არ გვაქვს კავშირი „ჰამასთან“. დიახ, ჩვენ ვთანამშრომლობთ პალესტინის ავტონომიასთან, პალესტინელი ხალხი ტერორისტი არ არის. ამ სახით პალესტინელების კოლექტიური დასჯა უსამართლობაა და ასევე ეწინააღმდეგება როგორც ჩვენს, ისე მსოფლიო ინტერესებს.
რაც შეეხება პალესტინასთან თანამშრომლობას, გაერთიანების უმეტესობა, ორი-სამი წევრის გამოკლებით, მიიჩნევს, რომ ავტონომიასთან თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს, ისევე, როგორც უნდა გაგრძელდეს ფინანსური დახმარება, რომელიც პალესტინას განვითარებისთვის გადაეცემა“, – განაცხადა ბორელმა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.