კონგრესის კომისიის მოხსენება: აშშ უნდა მოემზადოს შესაძლო ერთდროული ომებისთვის ჩინეთთან და რუსეთთან

EURACTIV იუწყება, რომ კონგრესის მიერ დანიშნულ ორპარტიული კომისიის მოხსენებაში აღნიშნეს, რომ აშშ შესაძლო ერთდროული ომებისთვის უნდა მოემზადოს ჩინეთთან და რუსეთთან. გააძლიეროს თავისი შეიარაღებული ძალები, ალიანსები და გააფართოოს ბირთვული იარაღის მოდერნიზაციის პროგრამა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სტრატეგიული პოლიტიკის შესახებ კომისიის ანგარიში ტაივანის გამო ჩინეთთან შექმნილი დაძაბულობის და აგრეთვე რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე მომზადდა.

მედიის ცნობით, მაღალჩინოსანმა, რომელიც მოხსენების მომზადებაში მონაწილეობდა, უარი განაცხადა იმის თქმაზე, ამტკიცებს თუ არა დაზვერვის ბრიფინგები ბირთვული იარაღის სფეროში რუსეთისა და ჩინეთის რაიმე თანამშრომლობას.

„ჩვენ ვწუხვართ… მათ შორის შესაძლოა იყოს საბოლოო კოორდინაცია, რომელიც ამ ორი ომის კონსტრუქციამდე მიგვიყვანს“, – თქვა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მოხსენება ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პოზიციას, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ბირთვული არსენალი საკმარისია რუსეთისა და ჩინეთის გაერთიანებული ძალების შესაჩერებლად.

ცნობისთვის, 2022 წელს აშშ-ის კონგრესმა შექმნა ჯგუფი, რომელიც 6 დემოკრატი და 6 რესპუბლიკელით დაკომპლექტდა. კომისიის მიზანი აშშ-ის საფრთხეების შეფასება იყო.

„ჩინეთისა და რუსეთის საფრთხეები მწვავე გახდება 2027-2035 წლებში, ამიტომაც გადაწყვეტილებების მიღება ახლაა საჭირო, რათა ხალხი მზად იყოს“, – აღნიშნულია 145-გვერდიან მოხსენებაში.