ისრაელელმა სამხედროებმა ღაზას მოსახლეობას ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს

ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცახალი“) ღაზას მოსახლეობას სექტორის სამხრეთისკენ ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

არმიის წარმომადგენელმა ავიჰაი ადრაიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც ევაკუაციის ორი მარშრუტია აღნიშნული. ადრაის თქმით, 14 ოქტომბერს დილის 10 საათიდან დღის 4 საათამდე ამ მარშრუტებით გადაადგილება უსაფრთხო იქნება.

„ცახალმა“ ღაზას მოსახლეობას ევაკუაციისკენ პარასკევს მოუწოდა და ამისთვის 24 საათი მისცა. ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ასეთ მოკლე ვადაში მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია შეუძლებელია.
„ჰამასის“ ხელმძღვანელობამ კი მოსახლეობამ ისრაელის განცხადების იგნორირებისკენ მოუწოდა და მას „ფსიქოლოგიური ომის“ ნაწილი უწოდა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.