სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ.
სომხური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ასევე ხელი მოაწერა „სომხეთის რესპუბლიკის მიერ, ძველი თარიღით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის აღიარების შესახებ“ განცხადების დამტკიცებას კანონის სტატუტის მე-3 ნაწილის მე-12 მუხლის საფუძველზე.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიცირება 3 ოქტომბერს განახორციელა.
სომხეთმა რომის სტატუტს 1998 წლის 17 ივლისს მოაწერა ხელი, თუმცა ამ დრომდე არ ჰქონდა ის რატიფიცირებული. 2004 წელს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ის მაშინ მოქმედ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო. 2022 წლის ბოლოს სომხეთის მთავრობამ კვლავ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს რომის სტატუტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესამოწმებლად. 24 მარტს სასამართლომ დაადგინა, რომ ის შესაბამისობაშია ქვეყნის ძირითად კანონთან.
შეგახსენებთ, რომ 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. მოსკოვში განაცხადეს, რომ სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირებას ექნება ნეგატიური შედეგები ორმხრივი ურთიერთობებისთვის. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთი არ ისურვებდა, რომ ვლადიმერ პუტინს ოდესმე მოუწიოს მოკავშირე სომხეთში ვიზიტზე უარის თქმა.