ისრაელის შეიარაღებული ძალები ლიბანის საზღვრის გასწვრივ მდებარე 28 თემიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას იწყებს

ისრაელის თავდაცვის ძალები და თავდაცვის სამინისტრო აცხადებენ, რომ ისინი გეგმავენ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას, რომლებიც ცხოვრობენ ქალაქებში ლიბანის საზღვრიდან ორ კილომეტრში.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ჰეზბოლას ხშირი თავდასხმების გამო მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა.

საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სამსახური (NEMA) აცხადებს, რომ მოსახლეობა გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას სასტუმროებში. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ხალხის ევაკუაციის გეგმის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეათანხმა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.