ისრაელის სამხედრო საჰაერო თავდასხმებს ღაზაზე სულ მცირე 2 750 ადამიანი ემსხვერპლა და 9 700-ზე მეტი დაშავდა, – ამის შესახებ ნათქვამია პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დასავლეთ სანაპიროზე 58 ადამიანი დაიღუპა და 1 250-ზე მეტი დაშავდა.
ამავე ინფორმაციით, ღაზაში 7 ოქტომბრის შემდეგ დაღუპულთა რაოდენობამ გადააჭარბა 2014 წლის ღაზა-ისრაელის კონფლიქტის დროს დაღუპულთა რაოდენობას.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.