ამ სამარცხვინო რუსული დავალების მასკარადში მონაწილეობას ჩვენ არ ვაპირებთ – ამ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანთ, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას შეძახილები მოჰყვა.
„ამ სამარცხვინო რუსული დავალების მასკარადში მონაწილეობას ჩვენ პირადად არ ვაპირებთ, ამიტომ შეკითხვები თქვენთან, რა თქმა უნდა, არ გვექნება, არც საქართველოს პრეზიდენტთან, იმიტომ რომ გასაგებია, რასაც აკეთებთ აქ, თუმცა ბოლომდე ამ საქმეს ვერ მიიყვანთ. როგორც მოგიწიათ რუსული კანონის უკან წაღება ასე…“, – განაცხადა სამადაშვილმა, რა დროსაც დეპუტატს მიკროფონი გაუთიშეს, რადგან, თავმჯდომარის განმარტებით, „პროცედურას არ ეხება“, შემდეგ, კი სალომე სამადაშვილმა კითხვები დააზუსტა.
„მე მაინც ვერ გავიგე, როდის გეგმავთ ამ სამარცხვინო რუსული იმპიჩმენტის პროცედურის პარლამენტში გამართვას, ხვალ თუ ზეგ? დაგვიზუსტეთ და საქართველოს პრეზიდენტს აძლევთ თუ არა უფლებას, სიტყვით გამოვიდეს?“ – მიმართა სამადაშვილმა თავმჯდომარეს.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, თუ სალომე ზურაბიშვილს სურვილი ექნება, მას სხდომაზე დასწრების საშუალება მიეცემა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მისი წინადადებაა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა, ხვალ, 12:00 საათზე დაიწყოს.