ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის საგანგებო განცხადება

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელელმა სამხედროებმა დაასკვნეს, რომ საავადმყოფოს დაბომბვაზე პასუხისმგებელია პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“.

დანიელ ჰაგარი

„ადგილობრივი დროით 18:15 საათზე, საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებამდე, „ჰამასმა“ ისრაელის მისამართით არაერთი რაკეტა გამოუშვა. 18:59 საათზე 10-მდე რაკეტა „ისლამურმა ჯიჰადმა“ ერთ-ერთი სასაფლაოს ტერიტორიიდან გაუშვა. ამავე დროს გავრცელდა ინფორმაცია ღაზაში, საავადმყოფოში აფეთქების შესახებ“, – განაცხადა ჰაგარიმ.

მისივე თქმით, „ჰამასი“ მიხვდა, რომ აფეთქება „ისლამური ჯიჰადის“ რაკეტამ გამოიწვია, მაგრამ მაინც წამოიწყო „გლობალური მედიაკამპანია“ ისრაელის დასადანაშაულებლად. ჰაგარის განცხადებით, ვიდეოკადრებით დგინდება, რომ უშუალოდ საავადყოფოზე დარტყმა არ განხორციელებულა და მის გვერდით მდგომი შენობები არ დაზიანებულა, გარდა საავადმყოფოსთან არსებული პარკინგისა.

„ჰამასისგან“ განსხვავებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაუყოვნებლი დაიწყეს მომხდარის გამოძიება. პირველ რიგში, ჩვენ დავრწმუნდით, რომ ზღვიდან, ხმელეთიდან ან ჰაერიდან ჩვენ მიერ გაშვებულ არცერთ რაკეტას არ მიუტანია იერიში საავადმყოფოზე. ისრაელის რადარების სისტემამ დააფიქსირა რაკეტების გაშვება ღაზის სექტორიდან, ორი დამოუკიდებელი ვიდეო ადასტურებს იმას, რომ რაკეტა არასწორად იქნა გაშვებული. სადაზვერვო ინფორმაცია მიუთითებს შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის კომუნიკაციაზე, რომელიც რაკეტების არასწორად გაშვებას ეხებოდა“, – აღნიშნა ჰაგარიმ.

მისივე თქმით, კონფლიქტის გამწვავების შემდეგ ღაზის სექტორიდან არასწორად იქნა გაშვებული და ღაზის ს სექტორშივე დაეცა 450 რაკეტა.

პალესტინის მთავრობაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოზე იერიშის შედეგად 500-მდე ადამიანი დაიღუპა და მომხდარში ისრაელს ადანაშაუელებენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა კი მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურ ჯიჰადს“ დააკისრა.