დასავლეთ საქართველოში ამ პერიოდის ნაგებობა ჩვენ პრაქტიკულად არ გაგვაჩნია …

ჭიათურაში, სოფელ ითხვისში მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინეს. გათხრების შედეგად უნიკალური მარანი, ნაგებობის კედლები , 12 ქვევრი, კერამიკის{მათ შორის მოხატული} ნიმუშები და ლითონის ნივთები იქნა ნაპოვნი, რომელიც მკვლევართა აზრით XI-XII საუკუნეებით თარიღდება.

„რეგიონული კვირა“ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელს და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორს – ზურაბ ბრაგვაძეს ესაუბრა, რომელმაც მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ ბევრი რამ გვიამბო.

როგორც ექსპედიციის წევრი გვიყვება,მან ჭიათურაში არქეოლოგიური სამუშაოები ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, 1988 წლიდან დაიწყო, როცა ჭიათურმარგანეცის იმდროინდელმა ხელმძღვანელებმა, კვლევის ლოკაციის ადგილებში კარიერის დაგეგმარება დაიწყეს, არქეოლოგებმა გათხრები აწარმოეს და საინტერესო ძეგლებიც აღმოაჩინეს – IV საუკუნის პირველი ნახევრის მდიდრული სანახები. ნაპოვნი საგანძურის უმეტესობა დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია გამოფენილი.

90 – იან წლებში არქეოლოგია თითქმის აღარავის აინტერესებდა და როგორც მკვლევარი გვეუბნება, ჭიათურაში სამუშაოები მხოლოდ 4 წლის წინ განახლდა.

„ბოლო ორი წელი, 2018 და 2019 წწ., სოფელ ითხვისში ვიმუშავეთ, იმ ადგილას, რომელსაც ადგილობრივმა მოსახლეობამ „ნაქალაქარი “ თავად უწოდა. სახელი, ტოპონიმია და მისი შინაარსი აბსოლუტურ ბმაშია ჩვენს აღმოჩენებთან. ასეთი ტოპონიმები, ფაქტია, შემთხვევით არ ჩნდება ხოლმე“,- ამბობს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

როგორც ირკვევა, სამუშაოდ მისულ არქეოლოგიურ ჯგუფს ადგილზე არც თუ სახარბიელო მდგომარეობა დახვდა- მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მარგანეცის მოპოვებითმა სამუშაოებმა 40 ჰა მიწის ფართობის ჩაქცევა გამოიწვია, თუმცა როგორც არქეოლოგი ამბობს, მაინც კარგად და მკაფიოდ ჩანდა არტეფაქტები-კერამიკის ნატეხები, სხვადასხვაგვარი ქვები და სხვ. და მაშინვე მიხვდნენ, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანთან ჰქონდათ საქმე.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, 2018 წლიდან არქეოლოგიური გათხრები ინტენსიურად დაიწყო და შედეგმა არქეოლოგთა მოლოდინებს ნამდვილად გადააჭარბა.

„არც მე და არც ერთი ექსპედიციის წევრი ასეთი მნიშვნელოვანი დასახლების ფაქტის აღმოჩენას არ ველოდით, ეს არის მთელი კომპლექტი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის I და ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნის ნაგებობის ნაშთებს შეიცავს. ეს უაღრესად დიდი აღმოჩენაა, რადგანაც დასავლეთ საქართველოში ამ პერიოდის ნაგებობა ჩვენ პრაქტიკულად არ გაგვაჩნია”,-აცხადებს ექსპედიციის წევრი.

არქეოლოგი გვიყვება, რომ მეთორმეტე საუკუნეში მათი ვარაუდით შენობა ნაგებობა განადგურდა, კედლები მოენგრა, არქეოლოგიური მასალა გადაიფხიკა. გარდა საცხოვრებელი ნაგებობისა, იქვე აღმოჩენილია უნიკალური მარანი, სადაც 12 ქვევრი შეისწავლეს, თუმცა მარანი გაცილებით ადრეული, VI-VII საუკუნეებით თარიღდება. შესაბამისად, ფაქტია, რომ ნაგებობები და მარანი არსებობის ორ პერიოდს მოიცავს.

„ჩვენ ისიც აღმოვაჩინეთ, რომ მეცამეტე საუკუნეში შენობა და მარანი მოულოდნელად ნადგურდება, ისე, რომ ადამიანებმა ნივთების გატანაც კი ვერ მოასწრეს. ფრიად საინტერესოა ის ფაქტიც, რომ აღმოჩენილი არც ერთი არტეფაქტი XIII საუკუნემდე გვიანდელი არაა. აღნიშნული საუკუნის ბოლოს, დასახლება არსებობას წყვეტს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 1283 წლის მიწისძვრამ, რომელიც „ქართლის ცხოვრებაშია“ აღწერილი და რომელმაც თმოგვი და სვეტიცხოველი დაანგრია, ეს ადგილებიც დააზიანა“,-ვარაუდობს არქეოლოგი.

სამუშაო ჯგუფს წინ ბევრი გეგმა აქვს – აღმოსაჩენია აქ მაცხოვრებელთა ძვალთშესალაგი, წყლის გაყვანილობის სისტემა, რადგან თიხის მილებიც არსებობს. ბოლოს და ბოლოს კი, დასადგენია ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი – ეს არის ნაქალაქარი თუ ნასოფლარი, რადგან, ჩვენი რესპონდენტის თქმით, აღმოჩენილი არტეფაქტები ამ კითხვაზე პასუხს, ამ ეტაპზე, ვერ იძლევა.

კვლევებს ერთადერთი დონორი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოა.

„ჭიათურიმარგანეციც გვპირდება დასპონსორებას, ფაქტი ერთია-ფინანსებში შეზღუდულები ვართ.საქმე წინ ბევრია,ამჟამად გათხრები დაკონსერვებულია და ა/აიპ ორგანიზაცია-„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი სამუშაოთა გაგრძელებას 2021 წლიდან კვლავ აპირებს“, – ამბობს ექსპედიციის წევრი.

ზურაბ ბრაგვაძე ასეთი აღმოჩენით თავს იღბლიან არქეოლოგთა რიგში მოიაზრებს.

„არქეოლოგები ორ ჯგუფად იყოფიან -უიღბლოები და იღბლიანები, მე იღბლიანთა რიცხვს მივეკუთვნები, რადგან ასეთ აღმოჩენას არქეოლოგმა შეიძლება მთელი ცხოვრება მიუძღვნას“,-ამბობს ის.

როგორც ცნობილია, სოფელ ითხვისში აღმოჩენილი ნივთები ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში განთავსდება.

წყარო: kvira.ge