ფრიდონ ინჯია: სალომე ზურაბიშვილს ჩვენ ლეგიტიმური კითხვები დავუსვით, მაგრამ არ ისურვა გამოსვლა, რადგან სათქმელი არ ჰქონდა

[პრეზიდენტს] ჩვენ ლეგიტიმური კითხვები დავუსვით, მაგრამ არ ისურვა გამოსვლა, რადგან სათქმელი არ ჰქონდა, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

„საკითხებთან მიმართებით, რომელზე დაყრდნობითაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, არცერთ ამ საკითხზე მისგან განმარტება არ ყოფილა. ჩვენ ლეგიტიმური კითხვები დავუსვით, მაგრამ არ ისურვა გამოსვლა, რადგან მას სათქმელი არ ჰქონდა“, – აღნიშნა ინჯიამ.

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია – ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.