Hyatt Regency-ს მშნებლობა აქტიურ ფაზაშია – როდის დასრულდება 60 მილიონიანი სასტუმროს მშენებლობა რუსთაველის გამზირზე

რუსთაველის გამზირზე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Hyatt Regency-ს მშნებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე კონსტრუქციული სამუშაოები მიმდინარეობს და მომავალი წლიდან დაგეგმილია შენობის ფასადების და ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია.

60 მილიონიანი სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi-ს პროექტის მფლობელი და ინვესტორი ქართველი ბიზნესმენი რომან ფიფიაა. პროექტის განმახორციელებელი კი არის საქართველოში რეგისტრირებული შპს “რუსთველი ფროფერთი”, რომელიც არის კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია Merrydow Development Holdings LTD-ის მიერ შექმნილი, რომლის დამფუძნებელი და მფლობელიც რომან ფიფიაა.

შენობა აშენებულია 1900 წელს და რესტავრაციის შემდეგ შენარჩუნებული იქნება მისი ისტორიული ფასადი და სარდაფი, სადაც განლაგდება მარანი.

„პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ადგილს უბრუნდება თავისი პირვანდელი ფუნქცია. მე-19 საუკუნეში აქ მდებარეობდა თბილისში მოქმედი პირველი სასტუმრო „ჭავჭავაძე-ლებედევსკაია“. საუკუნეზე მეტია, რაც აქ სხვადასხვა დაწესებულებები ფუნქციონირებდა.

სასტუმრო მსოფლიოში უდიდესი და ერთერთი ყველაზე წარმატებული ამერიკული ბრენდის Hayatt-ის სახელს ატარებს, რაც ავტომატურად განაპირობებს, რომ დაცული იქნება ამ ბრენდის ყველა მოთხოვნა, რომელიც შეეფერება მაღალი კლასის სასტუმროებს. სასტუმროს შიდა სივრცეში განთავსებული იქნება შუშით გადახურული ატრიუმი. სასტუმროში დაგეგმილია 2 რესტორნის, ღვინის მარნის, შეხვედრების სივრცეების და საბანკეტო დარბაზის, SPA ცენტრის და აუზის ფუნქციონირება. აუზი განლაგდება შენობის ბოლო სართულზე და ექნება მთაწმინდის ხედები,“ – აცხადებენ კომპანია “რუსთველი ფროფერთი“-ს წარმომადგენლობაში.

185 ნომერზე გათვლილი სასტუმროს პროექტის არქიტექტურული დიზაინის პირველად ვარიანტზე ცნობილმა ინგლისელმა არქიტექტორებმა იმუშავეს Reardon Smith Architects-იდან. ხოლო პროექტის მიმდინარე და საბოლოო არქიტექტურული დიზაინი ქართულმა კომპანია „სპექტრუმმა“ მოამზადა.

რაც შეეხება სასტუმროს ოთხების ინტერიერის დიზაინს, მასზე ინგლისელმა დიზაინერმა Lynne Hunt-მა იმუშავა. საინჟინრო ნაწილის პროექტირებაზე მუშაობენ ცნობილი თურქული კომპანიები HB Teknik და Dinamik Proje.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პანდემიიდან გამომდინარე, რთულია იმის პროგნოზირება თუ ზუსტად როდის დასრულდება სასტუმროს მშენებლობა.

„მიმდინარე მდგომარეობიდან გამომდინარე რთულია პროგნოზის გაკეთება, რადგანც არსებობს მგზავრობის ასევე მასალების და დანადგარების წარმოების და მოწოდების შეფერხებები. ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა ყველაზე მძიმედ სწორედ რომ სასტუმრო ბიზნესს დაარტყა და შესაბამისად, არც ადგილობრივები და არც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ჯერ არ არიან მზად განიხილონ ტურიზმის სფეროში ახალი პროექტების დაფინანსება. მიუხედავად ამისა პროექტის განხორციელება გრძელდება ქართული ინვესტიციით და იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალი წლიდან საბანკო სექტორი შეძლებს სასტუმროების ფინანსირების განხილვას და ამის შემდეგ შევძლებთ პროექტის დასრულების თარიღის დაზუსტებას.“ – აცხადებენ კომპანიაში.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სასტუმროს საბოლოო ბიუჯეტი ინტერიერის დიზაინის დასრულებაზეა დამოკიდებულია. პროექტის განხორციელება 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაჯდება, საიდანაც ქართული ინვესტიცია შეადგენს მინიმუმ 40%-ს ხოლო დანარჩენის მოზიდვა განზრახული ფინანსური ინსტიტუტებიდან.

წყარო: commersant.ge