“ფრენების მორიგი გადადება, ესაა პატარა კომპანიების გაკოტრება, გამორიცხულია ვინმემ ამ ხნით გაჩერებას გაუძლოს. შიდა ტურიზმზე რისთვის უნდა ვკონცენტრირდეთ, რომ ქართველებში ლარი მოვიგოთ? ქართველებს რა უნდა მივყიდოთ და რა ფასად, ხედავთ ალბათ რაც ღირს ქართული ტურები,“ – ამის შესახებ “კომერსანტს” ტურისტული კომპანია „ინტერკო თრეველის გენერალურმა მენეჯერმა ნინო მახვილაძემ განუცხადა.
როგორც ცნობილია, საქართველოს საავიაციო სივრცის გახსნა 1 ოქტომბრამდე არ იგეგმება, ამ ყველაფრის ფონზე ტურისტებზე მიმბული ბიზნესები და საზოგადოება სოციალური ქსელის მეშვეობით ღიად გამოხატავენ აღშფოთებას. ამას მოწმობს, ორი დღის წინ flightradar-ის რუკაზე გამოსახული საქართველოს ცარიელი საჰაერო ზონა მაშინ, როდესაც დანარჩენი მსოფლიო აქტიურად ახორციელებს რეგულარულ ფრენებს. გარდა ამისა, ტურისტული კომპანიებისთვის მოლოდინისა და გეგმების მუდმივი გადავადების რეჟიმი უფრო რთული აღმოჩნდა. როგორც „კომერსანტს“ რამდენიმე კომპანიამ განუცხადა, ისინი ბიზნესმიმართულების შეცვლას ფიქრობენ და მოლოდინიც კი არ აქვთ, რომ 1 ოქტომბერსაც აღდგება რეგულარული ფრენები.
„ქართველების გაყვანა ქვეყნიდან ისედაც ცალკე პრობლემაა იმიტომ, რომ დაბრუნებისას კარანტინში უნდა იყვნენ. ამიტომაც ყველა ავიაკომპანია არ დაეთანხმება იმას, რომ იფრინონ ჩვენთან ერთად. სასაცილოა, როცა ამბობენ, რომ ტურისტები შეინიშნებაო.
ფრენების აღდგენა უნდა მოხდეს უსწრაფესად, რასაც სახელმწიფო არ აკეთებს. ფრენის გარეშე არ არსებობს ტურიზმი, ტურიზმზე მიბმულია ბიზნესის 80 პროცენტი – რესტორანი, კლუბი, გართობა. დღეს და უახლოეს მომავალში ჩათვალეთ, რომ ტურიზმში არაფერი მოხდება. ავიაციის გარეშე ვერ ვიტყვით, რომ ვინმე ამ სფეროში მოღვაწეობს, უკვე სხვა ბიზნესებზე ვფიქრობთ,“ განმარტავს „ინტერკო თრეველის“ გენერალური მენეჯერი ნინო მახვილაძე.
„ფრენების მორიგი გადადება იგივეა რაც ადამიანს განგრენის საშიშროების გამო ფეხი მოაჭრან. მთელი რეგიონის დახურვა გამკლავებას არ ნიშნავს, მერე იტყვიან პანდემიას კარგად გავუმკლავდითო. გამკლავება იქნება თუ ყველას ჩაკეტავ, ციხეში ჩასვამ და საჭმელი სასმელი და შემოსავალი არ ექნებათ, მაგრამ Covid 19 არ მოკლავს“ – ასე აფასებს მიმდინარე პროცესებს „კავკასუს თრეველის“ დამფუძნებელი საბა კიკნაძე.
მისი თქმით, კომპანიებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ გაკრვეულ აქტივობებს სექტემბრიდან დაიწყებდნენ და წლის ბოლომდე სექტორში 10 პროცენტიანი ბრუნვა მაინც იქნებოდა , თუმცა ამ ეტაპზე ეს მოლოდინები და აქტივობები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
„ტურისტულებმა რა დახმარებაც არ უნდა მოვითხოვოთ, არარეალისტურად მიგვაჩნია, რადგან მთავრობა ახლა ვერანაირ დასუბსიდირებას ვერ მოახერხებს, არ გააკეთებს. მთავრობა მთლიანად არჩევნების უზრუნველყოფაზეა გადასული და არჩევნების დროს ლამაზად გამოსვლაზე ფიქრობენ. ამისთვის კი მზად არიან, რომ ყველაფერი ჩაკეტონ, ოღონდ თქვან, რომ Covid 19- ს კარგად გაუმკლავდნენ. ჩვენ კი, რა პირით უნდა ვთხოვთ მათ, რომ აბსოლუტურად გაღატაკებულ და შიმშილის პირას მყოფ ხალხზე წინ ბიზნესი დააყენოს.
ხალხი და ტურისტული კომპანიები ოქტომბრის აქტივობებსაც გეგმავდა, ახლა ოქტომბერიც აღარ გამოვა, რადგან არავინ ჩამოვა. მანამდე კი სექტემბერიც დაგეგმილი ჰქონდათ – განმარტავს საბა კიკნაძე.
როგორც ცნობილია, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის და საერთაშორისო ტურიზმის გახსნა მთავრობის მიერ, 1-ელი ივლისიდან დაანონსდა. გაწერილი გეგმის თანახმად, ავიამომოსვლის აღდგენა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად.
თუმცა, საბოლოოდ საქართველომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება უკვე მეექვსედ, 1-ელ ოქტომბრამდე გადაავადა.
წყარო: commersant.ge