ადამიანი, რომელმაც მსოფლიო ბირთვულ ომს გადაარჩინა – სტანისლავ პეტროვის გახსენება

მოსკოვი, 1983 წლის 26 სექტემბერი, 0:15 წუთი ადგილობრივი დროით. ავღანეთში ომი მძვინვარებს, საბჭოთა არმია ებრძვის მოჯაჰედებს, რომელთაც ამერიკა ამარაგებს იარაღითა და ფულით. რონალდ რეიგანს გამოცხადებული აქვს ე. წ. სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივა, რომელიც ბირთვული რაკეტების კოსმოსში განთავსებასაც ითვალისწინებს. ევროპაში ამერიკული საშუალო მანძილის რაკეტების განლაგება გახდა აქტუალური.

კრემლში კი პირველი კაცია იური ანდროპოვი – კაგებეს ყოფილი შეფი, დასავლეთში „ჰარდლაინერად“ ცნობილი. 1962 წლის კარიბის კრიზისის შემდეგ, „ცივი ომი“ ყველაზე უფრო ახლოს არის, გადაიზარდოს „ცხელ“ ომში…

და, ამ ვითარებაში, მოსკოვის ანტისარაკეტო თავდაცვის ცენტრში განგაშის სირენამ დაიღმუვლა. ადრეული შეტყობინების სისტემამ ამერიკული საკონტინენტთაშორისო რაკეტის სტარტი დააფიქსირა. მორიგე ოფიცერ სტანისლავ პეტროვს, გადაწყვეტილების მისაღებად სულ რამდენიმე წუთი ჰქონდა. ბირთვული დაშინების ლოგიკა ასეთია – „ვინც პირველი გაისვრის, მეორე რიგში დაიღუპება!“ საერთო ჯამში, საბჭოთა კავშირის უმაღლეს ხელისუფლებას ნახევარ საათზე მეტი არ ჰქონდა თავის განკარგულებაში სარაკეტო შეტევაზე პასუხის გასაცემად. პოლიტიკური ხელმძღვანელობა კი, დიდწილად პეტროვის მიერ გაანალიზებულ ინფორმაციას უნდა დაყრდნობოდა.

სანამ სტანისლავ პეტროვი პირველი ამერიკული რაკეტის სტარტს უკეთებდა ანალიზს, ნამდვილად არის ეს რაკეტა თუ სისტემურ ხარვეზთან აქვს საქმე, სისტემამ მეორე რაკეტის გაშვება აჩვენა, შემდეგ გაჩნდა მესამე, მეოთხე, მეხუთე რაკეტა… საბჭოთა ოფიცერს უზარმაზარი პასუხისმგებლობა დააწვა მხრებზე, იგი იმის მოწმე გახდა, თუ როგორ უტევენ მის ქვეყანას ამერიკული რაკეტები – სისტემა შეიძლება შეცდეს ერთხელ, მაგრამ ხუთი რაკეტის გაშვება იყოს ყალბი, ნაკლებ ლოგიკური ჩანდა. მაგრამ, ამის მიუხედავად, პეტროვი ნერვებს არ აჰყვა  და სიმშვიდე შეინარჩუნა. იგი მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევასთან აქვს საქმე და არა ომის დაწყებასთან. მას რომ „საპასუხო“ სტარტისთვის მიეცა თანხმობა, კრემლს, დიდი ალბათობით, ძალიან მძიმე გადაწყვეტილების მიღება შეეძლო და გაჩაღდებოდა ნამდვილი ბირთვული ომი. სხვა ოფიცერს, პეტროვის ადგილზე, ვითარება, შესაძლოა, სულ სხვაგვარად შეეფასებინა, როგორც ეს კორეული სამგზავრო თვითმფრინავის ტრაგიკულ შემთხვევაში მოხდა, იმავე 1983 წელს, როდესაც ეს თვითმფრინავი, კუნძულ სახალინთან მოახლოებული, სამხედრო ობიექტად იქნა აღქმული.

საშინელი დაძაბულობა 18 წუთს გაგრძელდა; 18 მტანჯველი წუთი მორიგე ოფიცრის, სტანისლავ პეტროვისათვის. მაგრამ სიმართლე მის მხარეს აღმოჩნდა – არაფერი მოხდა, რაკეტების სტარტი ყალბი აღმოჩნდა.

მაგრამ როგორ შეიძლება, რომ საბჭოთა ანტისარაკეტო სისტემა შემცდარიყო და ხუთი ყალბი რაკეტის სტარტი დაეფიქსირებინა?! საქმე ისაა, რომ, როგორც რამდენიმეთვიანი გამოძიების შედეგად გაირკვა, ადგილი ჰქონდა მზის უიშვიათეს კონსტელაციას – მნათობის მიმართ სატელიტების სისტემა ისე განლაგდა, თანაც ამერიკული სამხედრო ბაზის თავზე, რომ საბჭოთა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემამ ეს უიშვიათესი განლაგება სარაკეტო შეტევად აღიქვა.

ასეა თუ ისე, ოფიცერმა პეტროვმა თავისი ანალიტიკური ნიჭითა და ნერვების მოთოკვით დიდ უსიამოვნებას (თუ ნამდვილ ბირთვულ ომს არა) გადაარჩინა მსოფლიოს ხალხები. ეს ფაქტი თითქმის ათი წლის მანძილზე გასაიდუმლოებული იყო. რა თქმა უნდა, არაფერი იყო ცნობილი თავად პეტროვის შესახებ. მაგრამ ვინ იყო კაცი, რომელმაც თავისი მაღალი პროფესიონალიზმით ბირთვული კონფლიქტის წარმოშობა არ დაუშვა?

დაიბადა 1939 წელს ვლადივოსტოკთან ახლოს, მამა სამხედრო მფრინავი იყო, რომელიც ოჯახთან ერთად ხშირად გადადიოდა ერთი საცხოვრებელი ადგილიდან მეორეზე. სტანისლავი მამის გზას გაჰყვა და ასევე სამხედრო გამოვიდა. თავისი 1983 წლის ისტორიის გამო მას არც დაწინაურება და არც რაიმე ჯილდო არ მიუღია, თუმცა ოფიცერს ამის გამო დისკომფორტი არ განუცდია და მეტიც, არასოდეს უთქვამს, რომ მან რაიმე განსაკუთრებული გააკეთა – იგი ხომ ჩვეულებრივად იყო სამსახურში გასული, სწორედ კარგი მუშაობისთვის უხდიდა სახელმწიფო ხელფასს. დღევანდელ საქართველოში კი ლამის ყველას „გმირებს“ ეძახიან, ვინც თავი ოდნავ მაინც გამოიჩინა.

მორიდებული, წესიერი ოფიცერი 1990-იანების ქაოსში საშინელ გაჭირვებაში იყო ჩავარდნილი, მაგრამ არც მაშინ უწუწუნია. იგი თავის გარდაცვალებამდე, 2017 წლის 19 მაისს, მოკრძალებულად, მოსკოვის ცენტრიდან 50 კმ დაშორებით, ფრიაზინოში ჩვეულებრივი კორპუსის 60 კვ.მ. ბინაში ცხოვრობდა და სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა თავისი საყვარელი მეუღლის, რაისას ადრეულ გარდაცვალებას. არადა, ასეთი კაცი ნამდვილად იმსახურებდა ნობელის მშვიდობის პრემიას…

გერმანელი აქტივისტი ლეო ენზელი (მარჯვნივ) ს. პეტროვთან ფრიაზინოში, 2016 წ.

 

დასავლეთში, ნეოლიბერალების და ლგბტ-ების გარდა, კეთილი ნების ადამიანებიც არიან, რომლებიც აფასებენ პატიოსნებას, შრომას, სიმამაცეს, სიკეთეს… ამიტომაც სტანისლავ პეტროვის მიმართ, მისთვის მატერიალურად და მორალურად რთულ პერიოდში, გერმანელმა მშვიდობის აქტივისტებმა გამოიჩინეს ყურადღება – წლების მანძილზე, რამდენჯერმე სტუმრად მიიწვიეს ლექციებით, გაუმართეს შეხვედრები მუნიციპალიტეტებში, სტუდენტებთან, სხვადასხვა დარგების სპეციალისტებთან, შრომა აუნაზღაურეს ჰონორარით და პრემიაც მიანიჭეს, ხოლო ჟურნალისტმა ინგებორგ იაკობსმა 1983 წლის 26 სექტემბრის მოვლენებზე რამდენიმე წლის წინ წიგნი გამოსცა.

 

ლეო ენზელის სტატიის მიხედვით – ostexperte.de