ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს

ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ლიბანის ყველაზე მძლავრი სამხედრო დაჯგუფება „ჰეზბოლა“ კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ ისრაელის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა შეცდომა იქნება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ლიბანთან საზღვარზე, სამხედროებთან საუბრისას განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, „თუ „ჰეზბოლა“ ომში ჩაერთვება, ეს მათ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა იქნება“ და ამას ისრაელის წარმოუდგენელი მასშტაბის კონტრშეტევა მოჰყვება, რომელიც განადგურებას მოიტანს ლიბანში.

ისრაელმა და აშშ-მა აქამდე არაერთხელ გააფრთხილეს ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“, რომელიც დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, რომ ისრაელის წინააღმდეგ მეორე ფრონტი არ გახსნან.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.