აშშ და ჩინეთი ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრას ამზადებენ

აშშ და ჩინეთი ერთობლივად მუშაობენ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის შეხვედრის ორგანიზებაზე. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ბლოკის სამიტის ფარგლებში უნდა გაიმართოს. ეს ღონისძიება აშშ-ში 11-დან 17 ნოემბრამდე გაიმართება.

მანამდე კი ვაშინგტონში ბაიდენის და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის შეხვედრა გაიმართა. ჯო ბაიდენის თქმით, ორ ქვეყანას შორის კავშირის ღია არხები უნდა იყოს შენარჩუნებული და ურთიერთობებში კონკურენციას ორივე მხარე პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. ასევე ბაიდენმა მოუწოდა პეკინს, რომ გლობალური პრობლემების დაძლევაზე ერთობლივად იმუშაოს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში სამდღიანი ვიზიტით 26 ოქტომბერს ჩავიდა. ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ორჯერ შეხვდა. ვან იმ განაცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთს აქვთ აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ასევე საერთო ინტერესებიც გააჩნიათ, და რომ პეკინსა და ვაშინგტონს „ყოვლისმომცველი დიალოგი სჭირდებათ“. ვან ი ასევე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანსაც შეხვდა.

ვან ის ჩასვლა აშშ-ში ჩინეთის მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია შეერთებულ შტატებში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჯერ კიდევ 2023 წლის ივნისში პეკინმა ჯო ბაიდენი გააკრიტიკა, რომელმაც მანამდე სი ძინპინს ერთ-ერთ განცხადებაში დიქტატორი უწოდა.