ლევან დავითაშვილი – ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, ევროკავშირის ლიდერები ასევე ესწრებოდნენ ჩინეთში ფორუმს, ჩვენი მონაწილეობა ასეთ ფორმატებში ემსახურება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს

საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში აქვთ ძალიან ინტენსიური დიალოგი, მათ შორის ჩინეთის ხელისუფლებასთან, იგივე „დიდი ოცეულის“ ფარგლებში და ა.შ. ასე რომ, ბევრი საერთაშორისო ფორმატია, რომელში საქართველოს მონაწილეობაც ემსახურება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთის ფორუმში მონაწილეობა ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის პროცესს „არამც და არამც არ დააზიანებს“.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის ევროკავშირის ლიდერები ასევე ესწრებოდნენ „სარტყლისა და გზის ფორუმს.“

„ჩვენ ვართ გულწრფელი, ღია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრებთან, აშშ-თან. ჩვენ არაფერს დამალულად არ ვაკეთებთ, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ღიად და დიალოგის რეჟიმში. გაზიარებული გვაქვს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ჩვენი ზოგადად გადაწყვეტილებები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ეს კოორდინაციაშია ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის ევროკავშირის ლიდერები ასევე ესწრებოდნენ ამ ფორუმს და არა მხოლოდ ამ ფორუმს. თქვენ იცით, რომ სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში მათ აქვთ ძალიან ინტენსიური დიალოგი, მათ შორის ჩინეთის ხელისუფლებასთან, იგივე G20-ის ფარგლებში და ა.შ. ასე რომ, ბევრი საერთაშორისო ფორმატია. საქართველოს მონაწილეობა ყოველ ასეთ ფორმატში ემსახურება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, რომ საქართველოს ინტერესები უკეთ იყოს წარმოჩენილი და ეს ყველაფერი ემსახურებოდეს საბოლოოდ ჩვენს ხალხს. დანარჩენი, ყველაფერი არის ცრუ სპეკულაცია. ხავსს ეჭიდება ოპოზიცია, არაფრიდან, თითიდან გამოწოვილი თემებიდან ცდილობენ, მაგრამ ვერ ქმნიან, ცდილობენ შექმნან რაღაც სკანდალი, რომელიც იქნება მორიგი უსუსური მცდელობა, ისევე როგორც ტყუილია და ცრუა მათი ყველა სხვა ბრალდება, იგივეა ამ შემთხვევაშიც, როდესაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას ამა თუ იმ ფარულ ურთიერთობაში ადანაშაულებენ. ამაზე ძალიან მკაფიოდ, ხაზგასმით ვამბობთ, ჩვენ არანაირი დიალოგი, არანაირი ფარული კომუნიკაცია არავისთან არ გვქონია. ჩვენ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატის გამოყენებას შევეცდებით, რომელიც არსებობს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე – „სარტყლისა და გზის ფორუმის“ დემონსტრაციულად დატოვება თუ იყო შესაძლებელი, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს იქნებოდა დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა და ეს იქნებოდა მნიშვნელოვნად საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის დაზიანება.

„რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა არა მხოლოდ დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა, რაც შეიძლება მოვახდინოთ. ეს არ არის მთავარი, ალბათ, რაღაცა დიდი დანაშაული, ან პრობლემა. შეიძლება, რაღაცებზე ვთქვათ უარი, მაგრამ ეს იქნებოდა პირველ რიგში არა კონკრეტულად რომელიმე ქვეყნის ინტერესების დაზიანება, ამით ჩვენ ვერავის ინტერესებს ვერ დავაზიანებდით, მაგრამ ეს იქნებოდა მნიშვნელოვნად საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობის დაზიანება და ჩვენ ვავნებდით ჩვენს ურთიერთობებს. ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი უპატივცემულობა, რაც ბევრ ოპონენტს უნდა, რომ საქართველოს ინტერესები დაზიანდეს. მიუხედავად ბულინგის მცდელობისა, რომელიც დღეს და ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობს, ჩვენ ჩვენს პოზიციას არ გადავუხვევთ. ჩვენ ვიქნებით ჩვენი ხალხის ინტერესების დამცველი“, – განაცხადა დავითაშვილმა.