საარჩევნო ტექნოლოგიები, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე გამოიყენებს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. ასეთია დასკვნა, რომელიც ელექტრონული საშუალებების აუდიტის ანგარიშის შედეგად გამოქვეყნდა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეm, გიორგი შარაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც შარაბიძემ აღნიშნა, ცესკო ყველაფერს აკეთებს პროცესის წარმატებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განსახორციელებლად, თუმცა, მისივე თქმით, ამ ფონზე უკვე კამპანიურ სახეს იღებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელება.
„არჩევნების მოდერნიზების პროცესი გადამწყვეტ ეტაპზეა და საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს პროცესის წარმატებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განსახორციელებლად. ამ ფონზე კი უკვე კამპანიურ სახეს იღებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელება. სახეზეა საარჩევნო პროცესისა და ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციის და იმ წარმატებების გადაფარვის მცდელობა, რომელიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს. პირველი ოქტომბრის არჩევნებზე ჩატარებული აუდიტის შედეგების პრეზენტაცია, რომელიც ზემოთ ვახსენე, ჩვენი ინიციატივით რამდენიმე დღის წინ გაიმართა.
ღონისძიებას, რომელიც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა, ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლები, თუმცა კონკრეტულმა პირებმა, საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, სცადეს საზოგადოებისთვის ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია უსაგნო ხმაურით გადაეფარათ. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სცადა არეულობის მოწყობა და მედიის შეცდომაში შეყვანა, თითქოს დახურული იყო აუდიტორი კომპანიის შერჩევის პროცესი. სინამდვილეში კი აღნიშნულ ღონისძიებაზე ჩართულ მხარეებს დეტალურად გავაცანით აუდიტის შედეგები, რომლის ჩატარებაც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა – საარჩევნო პროცესში გამჭვირვალობისა და საჯაროობის კიდევ უფრო გაძლიერებას. მინდა, შეგახსენოთ, რომ აუდიტი, ბაზრის კვლევის შედეგად შერჩეულმა, აშშ-ში რეგისტრირებულმა და აკრედიტებულმა კომპანიამ (Pro V&V) ჩაატარა და ეს ინფორმაცია კარგად იყო ცნობილი ჩართული მხარეების, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის. ინფორმაცია აუდიტის განმახორციელებელი კომპანიის, უშუალოდ პროცესის მიმდინარეობის და შედეგების შესახებ ეტაპობრივად მიეწოდებოდათ ცესკო-ს წევრებს, რომელთა შორის ცხრა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საჯარო იყო მათთვის როგორც ცესკო-ს სხდომებზე ზეპირი ინფორმაციის მიწოდების, ასევე მათთვის სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე შესაბამისი ინფორმაციის დაგზავნის გზით“, – განახადა ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ.
მისივე თქმით, კომპანიას Pro V&V სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის აშშ, ფილიპინები, დომინიკელთა რესპუბლიკა) არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარების გამოცდილება აქვს.
„მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ის აშშ-შიც არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების თუ სხვა ტიპის შესაბამისობის აუდიტს ახორციელებს. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ინფორმაცია აუდიტის ანგარიშიდან, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან იყო შესაბამისობაში. ელექტრონული აპარატები მუშაობდა გამართულად, უსაფრთხოდ და ზუსტად. სწორედ პრეზენტაციის დროს ვნახეთ, რომ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. აქვე, მინდა, მადლობა ვუთხრა მათ, ვინც პრეზენტაციის შემდგომ გამართულ კონსტრუქციულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ სწორედ პრეზენტაციამდე, იმავე დღეს დეზინფორმაცია გაავრცელა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და უკვე მეორედ რუსულ სისტემად გამოაცხადა საარჩევნო ელექტრონული სისტემა, რომელსაც საქართველო ნერგავს. ამას კი იმავე დღეს მოჰყვა ზემოაღნიშნული პროვოკაცია. ეს ყოველივე ნათლად ადასტურებს, რომ ელექტრონული არჩევნების სტიგმატიზაცია და დისკრედიტაცია მიზანმიმართულად და კამპანიურად მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით, გვინდა, განვაცხადოთ, საარჩევნო პროცესის არცერთ ეტაპზე სისტემა არ ჰგავს რუსეთში მოქმედს, არამედ მკვეთრად განსხვავებულია. საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პარტნიორობასა და მხარდაჭერას საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკი“ უწევს, რომელიც გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს 115-ზე მეტი არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება. სამწუხაროდ, ღონისძიებასთან და აუდიტის პროცესთან მიმართებაში დეზინფორმაცია გავრცელდა ერთ-ერთი მედიასაშუალების მხრიდანაც, რომელიც საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ოპოზიციურ პარტიებს არ მიეცათ ღონისძიებაზე დასწრების საშუალება, რაც სიცრუეა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვინდა, მივმართოთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და ელექტრონულ არჩევნებს ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ყველა მხარეს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ არჩევნები საერთო საქმეა და ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა არჩევნების მოდერნიზების ამ მნიშვნელოვან პროცესში. საარჩევნო ადმინისტრაცია რჩება ღიაობის, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პრინციპების ერთგული. ნებისმიერი საკითხი იქნება ღია ჩართული მხარეებისთვის და საზოგადოებისთვის“, – განაცხადა შარაბიძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია რეაგირების გარეშე არ დატოვებს დეზინფორმაციისა და სიცრუის არცერთ ფაქტს და აქტიური საინფორმაციო კამპანიებით ხელს შეუწყობს საზოგადოებისთვის ობიექტური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას.
„27 ოქტომბრის მსგავსი დესტრუქციული ფაქტების განმეორების შემთხვევაში კი საარჩევნო ადმინისტრაცია გადახედავს კონკრეტულ პირებთან თანამშრომლობის საკითხს და, ასეთი პროვოკაციების აღკვეთის მიზნით, განახორციელებს კანონის ფარგლებში სათანადო რეაგირებას“, – განაცხადა ბრიფინგზე გიორგი შარაბიძემ.
წყარო: პირველი არხი