რატი ბრეგაძე „ავერსის“ კლინიკიდან გაქცეულ პატიმრებს მიმართავს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, „ავერსის“ კლინიკასთან, საიდანაც დღეს სამი პატიმარი გაიქცა, შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ვინმეს პასუხისმგებლობა თუ გამოიკვეთება, რომ არ შეასრულა რაიმე მოქმედება, დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გაგიზიარებთ. მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.

მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და იქნებ ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტ დეტალს ვერ ვიტყვი. თუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებლობა, უნდა შეესრულებინა რაიმე მოქმედება და არ შეასრულა, რა თქმა უნდა, დადგება მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობა. არავითარი პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი არ არის გატაცებული.

Მინდა, მოვუწოდო ამ დამნაშავეების ოჯახის წევრებს, იმ პირებსაც, რომლებსაც შეიძლება, მათთან კავშირი ჰქონდეთ, ნებისმიერი სახის ხელშეწყობა არის მძიმე დანაშაული მათთვის. ის პირი, ვინც ხელს შეუწყობს ამ ადამიანებს მიმალვაში, რა თქმა უნდა, კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, როგორც ჟურნალისტებთან რატი ბრეგაძემ განაცხადა, ტარდება ყველა სახის ღონისძიება.

„Ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ შსს-სთან და, რა თქმა უნდა, ტარდება ყველა სახის ღონისძიება, რომ ეს ადამიანები იყვნენ დროულად დაკავებული და არ წარმოადგენდნენ საფრთხეს საზოგადოებისთვის. არაფერია საშიში. მსგავსი ტიპის დანაშაული ხდება ყველა სახელმწიფოში. თუმცა დგება შესაბამისი პასუხისმგებლობა იმ ადამიანების, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული. ასევე, თუ რომელიმე თანამშრომლის მხრიდან გამოიკვეთება სამართალდარღვევა, დადგება ამ თანამშრომლების პასუხისმგებლობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

წყარო: პირველი არხი