ალექსეი არესტოვიჩი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს. ამის შესახებ მან სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინას“ განუცხადა.

ცნობისთვის, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, თუმცა ამ დროისთვის ქვეყნის შიგნით დისკუსიები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები ომის პირობებში.

„დიახ, კანდიდატურას დავაყენებ“, – განუცხადა არესტოვიჩმა ჟურნალისტს.

მისივე თქმით, ის შეხედულებები, რომლებსაც უკრაინაში პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, საბრძოლო და სხვა რეფორმების შესახებ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გამოთქვამს, მისი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

„ამ ყველაფერს სპეციალისტები დაამუშავებენ. კრიტიკა, აზრები, რჩევები – ჩემთვის ყველაფერი მისასალმებელია“, – ამბობს არესტოვიჩი. 

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ალექსეი არესტოვიჩი მწვავედ აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლებას. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მოქმედი სისტემა კატასტროფისკენ მიათრევს უკრაინას“, მანამდე კი განაცხადა, რომ ქვეყანას „არაადეკვატური ხელისუფლება უდგას სათავეში, რომელიც ჩხუბობს მეზობლებთან, ზეწოლას ახდენს ბიზნესზე და პოლიტიკურ კონკურენტებზე, ხელს უწყობს კორუფციას“.