ისრაელის სამხედრო ძალების (IDF) სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის სახმელეთო ძალებმა ღაზას ქალაქს მთლიანად ალყა შემოარტყეს. ამის შესახებ The Times Of Israel წერს.
„ჩვენმა ჯარებმა დაასრულეს ღაზას ქალაქის, „ჰამასის“ აქტივობის ცენტრის, ალყა” – განაცხადა IDF-ის სპიკერმა პრესკონფერენციაზე.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეკითხვისას, ჰაგარიმ უპასუხა, რომ ტერმინი „ცეცხლის შეწყვეტა“ ამ მომენტში საერთოდ „არ დგას მაგიდაზე“ განსახილველად.
მისი თქმით, „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე, რომელიც კატარში ცხოვრობს, თავისი პირადი თვითმფრინავით ირანში ჩასვლას აპირებს.
„ისინი ცდილობენ ფოკუსი ღაზადან სხვა რამეზე გადაგვატანინონ. ჩვენ ორიენტირებული ვართ „ჰამასზე““, – თქვა ჰაგარიმ მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა ტერორისტულმა ჯგუფებმა, მათ შორის ლიბანის „ჰეზბოლამ“ და იემენის „ჰუთებმა“, ისრაელზე თავდასხმები გააძლიერეს.